ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ჯანდაცვის ექსპერტ ნინო მირზიკაშვილს უჭირს ისაუბროს მიზეზებზე, რატომ არ აქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურად ვითხოვთ ამ ანგარიშების გამოქვეყნებას“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა წერტილთან ინტერვიუში, სადაც ვრცლად ისაუბრა, რატომაა მნიშვნელოვანი ჯანდაცვის ექსპერტებისთვის ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები, რომელიც 2017 წლის შემდეგ არ ქვეყნდება.
რატომ არ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები - გიორგი გოცაძის მოსაზრება
სამინისტრო ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს არ აქვეყნებს... ეს კანონდარღვევაა - სერგო ჩიხლაძე
ნინო მირზიკაშვილის თქმით, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში ასახავს, როგორ იხარჯება ფული ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძო სექტორის მხრიდან და ასევე, მოქალაქეების „ჯიბიდან გადახდების“ სახით.
„რას გვიჩვენებს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები? - ამ დოკუმენტით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, რას ხარჯავს სახელმწიფო, რას ხარჯავს კერძო სექტორი, რამდენი არის ე.წ. მოქალაქეების „ჯიბიდან გადახდების“ წილი ჯანდაცვის ხარჯებში. ეროვნული ანგარიშებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორია ჯანდაცვის ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით; ასევე, როგორ იცვლება ჯანდაცვის ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ზომასთან მიმართებით, რადგან აბსოლუტურ რიცხვებში ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად კი იზრდება, რაც ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ საინტერესოა პროცენტი მშპ-თან და ბიუჯეტთან მიმართებით და კიდევ ბევრ სხვადასხვა, ძალიან საინტერესო პარამეტრს შეიცავს ჯანდაცვის ეროვნული ანგარიში, რაც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ როგორ ვითარდება ჯანდაცვის სისტემა და რამდენად ეფექტიანად იხარჯება ფული“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.
ჯანდაცვის ექსპერტი ვარაუდობს, რომ მართალია, 2017 წლის შემდეგ ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები აღარ ქვეყნდება, თუმცა მიაჩნია, რომ მონაცემები მუშავდება და ჯანდაცვის სამინისტრო დოკუმენტს შიდა გადაწყვეტილებებისთვის იყენებს.
„ვერ გეტყვით, რატომ შეიძლება მალავდნენ [ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს], არ მაქვს პასუხი. შეიძლება არ გვაქვს ისეთი [კარგი] შედეგები და არ უნდათ გასაჯაროება. ვერ გეტყვით, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კითხვაზე ღიაა პასუხი. ჯანდაცვის მინისტრი როდესაც ამბობს, რომ [ჯანდაცვის სისტემის] შესახებ სხვა კვლევები არსებობს, სამწუხაროდ, [ასე არ არის]. ბოლო დროს უფრო და უფრო ცოტა კვლევა ტარდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, კვლევები, ძირითადად, ტარდებოდა დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერით.... ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ სექტორის გამჭვირვალობაზე, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის ტიპის კვლევები საჯარო იყოს და ვიმსჯელოთ შედეგებზე. კონკრეტული მონაცემების გარეშე მსჯელობა ზედაპირულია“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.
რატომ არ ქვეყნდება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები? - როდესაც ეს კითხვა BMG-მ ჯანდაცვის მინისტრს 2024 წელს დაუსვა, მიხეილ სარჯველაძემ გვიპასუხა, რომ მართალია, უწყების ეროვნული ანგარიშები არ ქვეყნდება, მაგრამ ყველა ის მონაცემი, რომელიც ანგარიშში უნდა იყოს, საჯარო და ხელმისაწვდომია. BMG-მ მინისტრს წელსაც ჰკითხა, როდის დაიწყება ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნება? - „როგორც კი ეს [დოკუმენტი] გახდება იმ დონისა და იმ შესაძლებლობების მქონე დოკუმენტი, რაც არის აუცილებელი", - გვიპასუხა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული ანგარიშების მიზნები, ჯერ კიდევ 2006 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაიწერა. ყოველწლიური ანგარიშის წარმოების ძირითადი მიზნებია:
ა) ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სექტორში ფინანსური ნაკადების აღრიცხვა და მისი ანალიზი სხვადასხვა განზომილებაში;
ბ) ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების მონიტორინგი;
გ) ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრა;
დ) ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ჯანდაცვის მომსახურების ფარდობითი წილის განსაზღვრა;
ე) სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის განხორციელება.




























