სამშენებლო ზედამხედველობის კომპანიების ნაწილში, რომელთა მიმართაც კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, აცხადებენ, რომ მათ რაიმე ტიპის გარიგებებსა თუ შეთანხმებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქმე ისაა, რომ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით, 2022-2025 წლებში გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე 11 კომპანიის მიმართ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების ფაქტებზე მოკვლევა დაიწყო.
შპს „ინსპექტ-ა”-ში BMG‑ის განუცხადეს, რომ ტენდერებში, რომლებშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას, ხშირ შემთხვევაში მაღალი კონკურენცია ფიქსირდებოდა. კომპანიის დირექტორი, გიორგი შიოლაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში ყველაფერს დაადგენს.
„ჩვენი კომპანია დიდი ხანი არაა, რაც ამ ბაზარზეა წარმოდგენილი. 2024 წლის შუა პერიოდიდან ჩავერთეთ მუნიციპალურ პროექტებში და ჩვენ არანაირ გარიგებებში არ მიგვიღია მონაწილეობა და შესაბამისად, ინფორმაცია არც გამაჩნია, იყვნენ თუ არა კომპანიები ერთმანეთთან გარიგებულები. მუნიციპალურ პროექტებში რადგან ვიყავით ჩართულნი, სავარაუდოდ, ამიტომ მოხვდა ჩვენი კომპანიაც ამ ნუსხაში.
თითქმის ყველა ტენდერი საკმაოდ დიდი კონკურენციით მიმდინარეობდა, იმ ტენდერებში, სადაც ჩვენც ვმონაწილეობდით, 90%-ზე მეტ შემთხვევებში სხვა [პრეტენდენტიც] იყო, კონკურენტული გარემო ნამდვილად იყო ტენდერებში, იყო ფასების დაწევაც. ჩვენ შემთხვევაში მსგავსი ქმედება და არანაირი გარიგება და შეთანხმება ვინმესთან არ ყოფილა.
ნუსხაში ყველა კომპანიაა მოხვედრილი, ვინც მუნიციპალურ პროექტებში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ ალბათ უკვე კონკურენციის სააგენტო დაადგენს, რეალურად ვისი მხრიდან მოხდა კონკურენტული გარემოს დარღვევა“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
ცნობისთვის, კონკურენციის სააგენტოს მხრიდან მოკვლევის დაწყების საფუძველი საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართვა გახდა. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციების მიერ სხვადასხვა ტენდერზე დაკვირვებისას, გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს.




























