მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასოდეს შემიწყვეტია მცდელობა — გაიცანით ჩივნინგის პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი სოფიო ჯაფარიძე

სოფიო ჯაფარიძე
BM. GE
22.08.23 10:35
107
სტატიაში საუბარია:

თუ დიდ ბრიტანეთში სწავლის გაგრძელება და პროფესიული უნარების გაღრმავება ყოველთვის შენი ოცნება იყო, ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის ერთ-ერთი გზაა. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან და ბოლო რამდენიმე წელია, მათ ქართველი სტუდენტებიც შეემატნენ. ჩივნინგი დიდი ბრიტანეთის მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც მიზანდასახულ სტუდენტებს ამ ქვეყანაში სასურველი მიმართულებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. 

2013 წლიდან ჩივნინგის პროგრამის პარტნიორი საქართველოს ბანკიც გახდა, რომელიც ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ასახელებს. საქართველოს ბანკის წლევანდელი სტიპენდიანტებიდან ერთ-ერთი – სოფიო ჯაფარიძე კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვარვიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. სოფიოს ისტორია დაგარწმუნებს, რომ არ უნდა გაჩერდე, როცა მიზნის მიღწევა ნამდვილად გსურს, შედეგი კი არ დააყოვნებს.

“ამჟამად თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროში უფროსი ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ. სანამ კიბერუსაფრთხოების სფეროში გადმოვინაცვლებდი, სრულიად განსხვავებული პროფესია და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებაც მქონდა, თუმცა გავაანალიზე, რომ ეს არის მომავლის ის სფერო, რომელიც ელვის სისწრაფით ვითარდება. კიბერუსაფრთხოების სფერო არის ცოცხალი და დინამიკური, გლობალურად ყველას და ყველაფერს ეხება და არასოდეს გაძლევს მოდუნების საშუალებას — საინტერესოა და მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, კიბერუსაფრთხოება უწყვეტი სწავლის სფეროა და ამ სფეროს წარმომადგენლების ცხოვრებაში პრაქტიკულად არ არსებობს პერიოდი, როდესაც რამეს არ სწავლობენ. შესაბამისად, ამ სფეროში მომუშავე ადამიანები უმეტესწილად ძალიან მაღალი დონის კვალიფიკაციის მქონე პირები არიან, რომელთა ფასიც ბაზარზე საკმაოდ მაღალია”, — ამბობს სოფიო ჯაფარიძე.

სოფიოს თქმით, სწავლა და თვითგანვითარება არასდროს შეუწყვეტია და სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა კიბერუსაფრთხოების სფეროთი მისი დაინტერესება. შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ საკმაოდ რთული და ამასთანავე, მისი აზრით, სწორი ნაბიჯი გადაედგა და ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა მიეღო.

“დიდი ბრიტანეთი მოწინავეა არამხოლოდ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, არამედ განსაკუთრებით მაღალი დონის განათლების ხარისხითა და რეპუტაციით. გარდა ამისა, ჩივნინგის სტიპენდია არის რთულად მოსაპოვებელი, თუმცაღა ძალიან პრესტიჟული და ყველასთვის საოცნებო ბევრი ფაქტორის გამო, რომელთა შორისაა ნეთვორქინგი, კულტურა და ბრიტანეთში ცხოვრების საოცარი გამოცდილება. შესაბამისად, სწორედ კიბერუსაფრთხოების მართვის ბრიტანული მიდგომები და სტანდარტები მინდა, რომ გავიზიარო და ვისწავლო, მივიღო პროგრამის ყველა ბენეფიტი, ჩამოვყალიბდე მაღალი დონის პროფესიონალად და წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში”, — დასძინა სოფიომ.

ვარვიკის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის ფაკულტეტი, რომელზეც სოფიო გააგრძელებს სწავლას, ერთ-ერთი საუკეთესო სამაგისტრო პროგრამაა დიდ ბრიტანეთში და თავად უნივერსიტეტიც რეიტინგებში ერთ-ერთი მოწინავეა. როგორც საქართველოს ბანკის სტიპენდიატმა აღნიშნა, კონკურსისთვის მზადება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, თუმცა პირადად მისთვის ის განსაკუთრებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვინაიდან სოფიოსთვის ეს ჩივნინგის სტიპენდიის მოპოვების მეხუთე მცდელობა იყო, რაც საბოლოო ჯამში, წარმატებით დასრულდა.

“ჩივნინგის კონკურსი მრავალი ეტაპისგან შედგება და თითქმის მთელი წელი ელოდები შედეგებს, რაც უზარმაზარ მოთმინებას, რესურსებსა და გამძლეობას მოითხოვს. თუმცა ჩემს შემთხვევაში, ბრიტანეთში სწავლისა და სწორედ ამ სტიპენდიის მოპოვების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ არასოდეს შემიწყვეტია მცდელობა, არც არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ სტიპენდიისთვის საუკეთესო კანდიდატი ვიყავი და ყოველთვის სრული შემართებით და მონდომებით ვაგრძელებდი სტიპენდიის მოპოვებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რაც საბოლოოდ გამართლდა და მიზნამდეც მივედი”, — ამბობს სოფიო.

კიბერუსაფრთხოება, რომელიც სოფიოსთვის ამ ეტაპზე ინტერესის მთავარი სფეროა, მსოფლიო მასშტაბითაც უფრო და უფრო აქტუალური მიმართულება ხდება. სახელმწიფო სექტორის დონეზე კი კიბერუსაფრთხოება არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, რაშიც არც საქართველოა გამონაკლისი.

“მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახვა, რომ საქართველოსთვის კიბერმდგრადობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კიბერუსაფრთხოება არ არის ცალკე მდგომი მიმართულება, იგი ურთიერთკავშირშია ყველა სფეროსთან, მის დარღვევას კი ყოველთვის და ყველგან კასკადური ეფექტი აქვს. შესაბამისად, ქვეყანას კრიტიკულად სჭირდება კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის კიბერმდგრადობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა შეეძლებათ. მეც, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემთვის, როგორც პროფესიონალისათვის, ფასდაუდებელი იქნება და შესაძლებლობას მომცემს, კიდევ უფრო კარგად და მაღალკვალიფიციურად ვაკეთო ჩემი საქმე”, — აღნიშნა სოფიომ.

თუ კიბერუსაფრთხოების, MBA-ის, STEM-ის ან სხვა მიმართულებით ბრიტანეთში სწავლის გაგრძელებით ხარ დაინტერესებული, შენც გაქვს შესაძლებლობა, რომ ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვო. საქართველოს ბანკის პარტნიორობით 26 სტუდენტმა უკვე სრული დაფინანსება მოიპოვა, რომელიც ასევე მოიცავს ყოველთვიური სტიპენდიას, მგზავრობას, დისერტაციის/თეზისის გრანტს და ვიზის გადასახადთან დაკავშირებულ ხარჯებსაც. ჩივნინგის სასტიპენდიო კონკურსის შესახებ მეტ ინფორმაციას ამ ბმულზე ნახავ.

წყარო: https://argacherde.bog.ge/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები