მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არატრადიციულ ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად უფრო მეტია სამუშაო - ნუცა აბრამიშვილი

6137173bde75f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.21 10:15
1666
ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ წლიურად სხვადასხვა დასახელების 1.5 მლნ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და აქედან 97% მსოფლიოს 25 ქვეყანაში ყიდის. BM.GE-სთან საუბრისას "შუხმან ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ახალი ბაზრების ასათვისებლად კომპანია წლიურად „მრავალ ათას დოლარს“ ხარჯავს, სწორედ ამიტომ „შუხმან ვაინს ჯორჯიაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მიერ გუშინ გაცხადებული საექსპორტო ბაზრებზე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგული კამპანიების სუბსიდირების პროგრამა დარგს კრიზისულ პერიოდში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანია ქართული ღვინის იმ ნიშის შენარჩუნება, სადაც კარგი შედეგები გვქონდა. შესაბამისად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელს თავი ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ქართული ღვინო მნიშვნელოვანი პროდუქტი და ქვეყნის პრიორიტეტია. ამიტომ მარკეტინგული აქტივობის გაგრძელება საჭიროა და გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ სხვადასხვა სექტორისთვის ახალი თამაშის წესები დაამკვიდრა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული აქტივობები გადაიხედოს და დაინერგოს“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი ახალი პროგრამით გათვალისწინებულ ბაზრების დივერსიფიცირების კომპონენტს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქართული ღვინისთვის ისეთ ბაზრებზე შესვლა, სადაც ხარისხზე მოთხოვნა მაღალია, აუცილებელია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული პროგრამით მარკეტინგულად დახარჯული თანხები, ამ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები დარგის და ექსპორტის დივერსიფიცირებას ხმარდება. შესაბამისად, თუ პოსტასაბჭოთა ქვეყნებში ქართულ ღვინოს ნაკლებად სჭირდება თავის შეხსენება, ამ შემთხვევაში არატრადიციულ, გაჯერებულ კონურენტულ ბაზრებზე უფრო მეტია სამუშაო და გასაკეთებელი, რათა ქართულმა ღვინომ ღვინის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა იტალია, ავსტრალია, საფრანგეთი, ჩილე მეტად დაიმკვიდროს თავი.

ყველა ღვინის კომპანია საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის რესურსს ხარჯავს, საქართველოს ექსპორტიც ამას მოწმობს, მაგრამ ჩვენი ექსპორტის დიდი ნაწილი მაინც ერთ კონკრეტულ ბაზარს უჭირავს. ამ შემთხვევაში რუსეთს მეტი წილი უკავია, ამიტომ დარგის პრიორიტეტია გადანაწილდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში ანალოგიური შედეგები სხვა მძლავრ ბაზრებზე გვქონდეს. სტატისტიკაც კარგია, წინსვლა გვაქვს აზიის მიმართულებით - ჩინეთის ბაზარი არის ძლიან კარგად დომინირებული, რომელიც „შუხმანის“ პორტფელშიც აისახება. ასევე, შეიძლება ინდოეთიც ავითვისოთ... ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტრადიციულ ბაზრებზე ფასი არც თუ სახარბიელოა. ამიტომ ჩვენი მიზანია, წარმოდგენილი ვიყოთ ისეთ მსყიდველუნარიან ქვეყნებში, სადაც პროდუქტის ფასი მაღალია“, - მიიჩნევს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი.

bm.ge-ის კითხვას - რაში მდგომარეობას რუსეთის, როგორც საექსპორტო ბაზრის მიმზიდველობა, ნუცა აბრამიშვილი ასე პასუხობს: „ტრადიცულ ბაზრებზე საქართველოს, ქართულ ღვინოს არ სჭირდება დამტკიცება და დამკვიდრება. მათთვის ეს ნაცნობი და საყვარელი პროდუქტია და ამ შემთხვევაში ვაჭრობა უფრო მარტივია; არ გჭირდება დამატებითი მარკეტინგული სამუშაოები და თავის გაცნობა - მათ ეს იციან“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი და „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მაგალითზე ახალი ბაზრებზე შესვლისას არსებულ გამოწვევებს ამახვილებს ყურადღებას.

„კომპანიისთვის პირველივე წლებიდან პრიორიტეტია საერთაშორისო ბაზრები და ნაკლებად დსთ/ტრადიციული ბაზრები, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო რთული სამუშაოა, უფრო დიდი კონკურენციის ეტაპების გავლა გვჭირდება, შესაბამისად, სხვადასხვა სახის ღონისძიება ვაქვს ხოლმე, ეს იქნება გავლენიან გამოცემებში სტატიები, გამოფენებში მონაწილეობა თუ ქვეყანაში გავლენიანი ექსპერტების მოწვევა და ჩვენი ღვინოების დაგემოვნება. „შუხმანსი“ ყოველწლიურად მარკეტინგისთვის მრავალ ათას დოლარს ხარჯავს, რაც გაყიდვების შედეგებზე აისახება“, - განმარტავს აბრამიშვილი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები