ირაკლი კობახიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს პარტიულ აქტივისტს უწოდებს და აცხადებს, რომ პოლიციელი ხელშეუხებელია.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება უკიდურესად მიუღებელია.
„ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. დანარჩენზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი, ეს არის დანაშაული და რა თქმა უნდა, ასეთ დროს სახელმწიფოს ევალება, მიიღოს შესაბამისი ზომები. სახელმწიფო მისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ყველა ზომას ყველა ფაქტთან მიმართებით. არ ვიცი, რა მონტაჟზეა საუბარი, როდესაც ყველაფერი დევს ხელის გულზე, ყველაფერი ჩანს კადრებში, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელს კონკრეტული ე.წ. ჟურნალისტი. სინამდვილეში, ეს ადამიანი არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი. თუმცა, ამასაც არ აქვს მნიშვნელობა გამოძიებისთვის. გამოძიებისთვის მთავარი არის ის, რომ არის დანაშაულის ნიშნები და ამასთან დაკავშირებით განაჩენი უნდა გამოიტანოს სასამართლომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი, სათანადო კვალიფიკაციით. ამასთან, საია მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მზია ამაღლობელს და პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა.




























