მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არმატურას იმპორტი 67%-ით გაიზარდა - TOP-5 საიმპორტო ქვეყანა

არმატურა

2024 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი 67.1%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 11 თვის ანგარიშის მიხედვით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში სულ 200.4 მილიონი დოლარის ღირებულების 351 671 ტონა არმატურა შემოვიდა. ამასთან, შემცირებულია იმპორტის საშუალო ფასიც, რაც წელს ტონაზე 570 დოლარს შეადგენს, შედარებისთვის 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის საშუალო ღირებულება 600 დოლარი იყო.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს საქართველო არმატურას ძირითადად რუსეთიდან და ირანიდან ყიდულობდა. აქედან, რუსული არმატურის იმპორტი 2024-ში 112%-ით, 104.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ირანიდან კი არმატურის იმპორტი 136%-ით, 80.1 მილიონ დოლარამდე იყო მომატებული. ორივე ქვეყნიდან იმპორტის ზრდა, სავარაუდოდ, დაკავშირებულია შესასყიდი ფასის კლებასთან. თუკი 2023 წელს რუსული არმატურის ფასი 591 დოლარი იყო, წელს ის 586 დოლარი ღირს, ხოლო ირანული არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე 576 დოლარიდან 547 დოლარამდე შემცირდა.

bm.ge გთავაზობთ არმატურას TOP-5 ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს 2024 წლის იანვარ-ნოემბერში.

  1. რუსეთი - 104.1 მლნ აშშ დოლარის 180,451 ტონა;
  2. ირანი - 80.09 მლნ აშშ დოლარის 146,138 ტონა;
  3. აზერბაიჯანი - 11.8 მლნ აშშ დოლარის 18,951 ტონა;
  4. თურქეთი - 1.7 მლნ აშშ დოლარის 2,539 ტონა;
  5. უკრაინა - 1.7 მლნ აშშ დოლარის 2,927 ტონა.

საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების მიხედვით, არმატურას იმპორტი მუდმივად მზარდია და წელს, შესყიდვა რეკორდულ მაჩვენებელზეა.

არმატურის იმპორტი დაიბეგრება და 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას საქართველოს მთავრობის №494-ე დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრით თარიღდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები