აშშ-მა ასზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა. იურიდიულ პირებს შორის არიან ინდუსტრიული კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები, ტექნოლოგიების მიმწოდებლები. აღსანიშნია, რომ სანქცირებულ პირთა შორის არამხოლოდ რუსეთში, არამედ სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებიც არიან, მათ შორის თურქეთში. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური იტყობინება, სანქციების მიზანია, შეზღუდოს კრემლის წვდომა ფინანსურ არხებზე, ასევე ტექნოლოგიებზე, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს ასაზრდოებს. ახალი ზომები ასევე მიმართულია სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ.
ფიზიკურ პირებს შორის დასანქცირებულია რუსი ოლიგარქი ანდრეი რამოვიჩ ბოკარევი და მისი ცოლი, ასევე მისი კომპანია Transmashholding-ი, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურას აწარმოებს.
ბოკარევს პირადი კავშირები აქვს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და სხვა მაღალჩინოსნებთან. ის დასანქცირებულია ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და დიდი ბრიტანეთის მიერაც.
აშშ-მა ასევე დაასანქცირა ბოკარევის ბიზნეს პარტნიორი, ისკანდარ მახმუდოვი და მისი შვილი, რომელიც რუსულ სამთო და მეტალის მწარმოებელი კომპანიების ბორდშია. ის ასევე ფლობს ფინანსური სერვისების გამწევ კომპანიებსაც.
სანქცირებულ პირებს შორისაა ოთარ ფარცხალაძეც. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს. განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
რაც შეეხება კომპანიებს, დასანქცირდა აერო საინჟინრო სამეცნიერო და ტექნიკური კომპლექსი "სოიუზი", საავიაციო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია Balashikha. ამ ორ კომპანიასთან დაკავშირებული ფიზიკური პირი მკრტიჩ ოქროიანი და მისი ოჯახის წევრებიც. ასევე საავიაციო ძრავების მწარმოებლები, კომპანია Agat-ი და Star-ი; ტექნოლოგიური კომპანია Mayak-ი; სატრანსპორტო კომპანიები: Globaltrans-ი და Aservice; ასევე ორი თურქული კომპანია: Margiana და Demirci, რომელმაც რუსეთს სენსორები და სხვა სახის ტექნოლოგიური ნაწარმი მიაწოდა. გარდა ამისა, დასანქცირდა რუსული კომპანია AK Microtech-ი, რომელიც ელექტროტექნიკის სფეროში ოპერირებს და კიდევ ათზე მეტი რუსული ტექნოლოგიური კომპანია. ასევე ათამდე ავტომწარმოებელი, მათ შორის Gaz Group-ი და Avtovaz-ი.