მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ vs. Google - საუკუნის მთავარი სამართლებრივი დავა

Google - დავა
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, ამერიკული Google-ი კომპანიის ისტორიაში უდიდესი და ურთულესი სამართლებრივი დავისთვის ემზადება. მსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის მფლობელ კომპანიას, ამჯერად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი და რამდენიმე შტატის ხელისუფლება უჩივის. ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ Google-ი არაკეთილსინდისიერად იქცევა და კონკურენციას ზღუდავს, რითაც საძიებო სისტემების ბაზარზე მონოპოლიას ინარჩუნებს.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ისევე, როგორც სამართლებრივი გარჩევები, რომელიც მასზე დაყრდნობით იმართება, როგორც წესი ტექნიკური და გაუგებარია, მაგრამ რეალურად, პრეტენზია, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს Google-ის მიმართ აქვს, არც თუ ისე რთული ჩამოსაყალიბებელია. პირველ რიგში, აგიხსნით მოცემულობას: Google-ი, ყოველწლიურად, ძალიან დიდ თანხას უხდის Apple-ს, რათა Apple-ის საკუთარ ვებბრაუზერში, Safari-ში, ძირითადი საძიებო სისტემა Google-ი იყოს. ასეთი შეთანხმებები Google-ს სხვა კომპანიებთანაც აქვს, მათ შორის Samsung-თან და Mozilla-სთან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვებ-ბრაუზერს ფლობს. აი, სწორედ ასეთი ხელშეკრულება არ ეხატება გულზე ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შეთანხმებები არაკანონიერად უნდა ჩაითვალოს, რადგან ასე კონკურენცია იზღუდება.

იუსტიციის დეპარტამენტის ამ პოზიციაში, ცხადია, ვხვდებით სიმართლესაც. საქმე ისაა, რომ Google-ის საძიებო სისტემა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია, რაც 90%-იანი საბაზრო წილითაც დასტურდება. თუმცა, ბაზრის წილი ნაკლებიც რომ იყოს, თავად ის ფაქტი, რომ სიტყვა “დაგუგლვა” ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების სინონიმად იქცა, ისედაც ბევრზე მეტყველებს. ამასთან, Apple-თან პარტნიორობით და ჰოლდინგში Android-ის ოპერაციული სისტემის ფლობით, Google-ის საძიებო სისტემა, ფაქტობრივად ყველა ტელეფონში ავტომატურადაა ხელმისაწვდომი. კი, ამ პარამეტრის შეცვლა მარტივად შეიძლება, მაგრამ მომხმარებლების სრული უმეტესობა ამას არასდროს აკეთებს.

თუ კონკურენციის შეზღუდვის კუთხით, იუსტიციის დეპარტამენტის არგუმენტი გასაგები და რელევანტურია, იმავეს თქმა გამიჭირდება უწყების ინოვაციურობის შეზღუდვის არგუმენტზე. ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ Google-ის დომინაცია იმდენად მყარია, რომ კომპანიას ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა არ სჭირდება, რაც კონკურენციის შეზღუდვასთან ერთად, ინოვაციის ტემპსაც ანელებს. ეს არგუმენტი, პრინციპში, არახალია, პირიქით, ის საკმაოდ შაბლონურიც კი არის, რასაც ერთი მარტივი მოცემულობა ადასტურებს - რამდენიმე თვის წინ, Google-მა ტექსტობრივი ხელოვნური ინტელექტი, Bard-ი წარმოადგინა, რომელიც, ობიექტურად, კონკურენტებს შორის საუკეთესოა, თუ, მაგალითად, ისეთი რამ გაინტერესებთ, რასაც ახალი ინფორმაციის ცოდნა სჭირდება. კრეატიულ დავალებებს უკეთესად ასრულებს ChatGPT, მაგრამ კვლევის საკითხებში, Bard-ი უალტერნატივოა. 

მაშ, ჩნდება კითხვა: რას ამტკიცებს და როგორ იცავს თავს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი? Google-ის არგუმენტები კომპანიის მიერ შექმნილი საძიებო სისტემის ეფექტიანობის გარშემო ტრიალებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, Google-ი ამბობს, რომ მისი საძიებო სისტემა საუკეთესოა და კომპანიებს მისი გამოყენება სწორედ ამის გამო სურთ. თუ Apple-ი მზადაა Google-ის საძიებო სისტემაში მრავალი მილიონი გადაიხადოს, ესე იგი მას ეს სერვისი მოსწონს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა საძიებო სისტემას გამოიყენებდა - ასეთია Google-ის არგუმენტი. ამასთან, Google-ის იურისტები ამბობენ იმასაც, რომ Windows-ის მომხმარებლები, რომელთა მოწყობილობებს, სტანდარტულად, Google-ის არც ერთი პროდუქტი არ მოჰყვება, ყველაზე ხშირად, მაინც Google-ის საძიებო სისტემას იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს, როგორც წესი, ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე Bing-ის გამოყენება.

რა მოხდება, თუ Google-ი სასამართლო დავას წააგებს - ეს კითხვა, არანაკლებ აქტუალურია. ერთი ვარიანტია, მოსამართლემ Google-ის რამდენიმე დამოუკიდებელ კომპანიად დაყოფა მოითხოვოს, რასაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად უნდა ველოდოთ. გამოსავალი, რომლის ალბათობა გაცილებით უფრო დიდია - ახალი რეგულაციების დაწესებას მოიაზრებს, რომლითაც Google-ის მიერ Apple-თან და სხვა კომპანიებთან ისეთი ხელშეკრულებების დადება შეიზღუდება, რომლითაც Google-ის საძიებო სისტემა ფაქტობრივად ყველა სმარტფონში ერთ-ერთ საბაზისო პროდუქტი ხდება. თუმცა, რასაკვირველია, დავა შეიძლება Google-ის სასარგებლოდაც დასრულდეს და ამ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს ვერსიაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო განაჩენს მოსამართლე მომავალ წლამდე არ გამოიტანს და იმ შემთხვევაშიც, თუ Google-ი გამტყუნდება, კომპანია ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჯაროებს, ასე რომ დავა, რომელიც უკვე სამი წელია, რაც მიმდინარეობს, კიდევ რამდენიმე წლით გახანგრძლივდება. როგორც იურისტები ამბობენ, ხშირად, ყველაზე სწორი გამოსავალი ისაა, რომელიც ყველაზე მეტ დროს მოგაგებინებს, რადგან მანამ, სანამ ეს დავა არ დასრულდება, Google-ისთვის არაფერი შეიცვლება.

ისე კი, სადაც ამდენი ვილაპარაკეთ Google-ზე, აუცილებლად ვთქვათ ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივ ისტორიას სხვა მსგავსი დავებიც ახსოვს. შორეულ 1998 წელს, ამერიკის ხელისუფლებამ Microsoft-ს უჩივლა და მას ვებ-ბრაუზერების ბაზრის მონოპოლიზაცია დასდო ბრალად. კონტექსტისთვის გეტყვით, რომ იმ დროს, Microsoft Windows-ი პლანეტის ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემა იყო, რომელშიც Internet Explorer-ი იყო ჩაშენებული - ვებ-ბრაუზერი, რომელიც დღეს საერთოდ აღარ არსებობს. არადა, თავის დროზე, ბაზრის 90%-ზე მეტი სწორედ Internet Explorer-ზე მოდიოდა. მაშინ, ის დავა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მოიგო, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს, Google-ი სწორედ იმ ტაქტიკას იყენებს, რასაც, თავის დროზე, Microsoft-ი იყენებდა. ამიტომაც, ეს ორი დავა ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს - ტექნოლოგიური გიგანტი, თუ ყველაზე ძლიერი ქვეყნის იუსტიციის დეპარტამენტი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები