ინტერნეტში განთავსებული კონტენტი ინფორმაციის უკიდეგანო ქსელში რომ არ დაიკარგოს და მომხმარებლამდე მივიდეს, კომპანიები საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას, იგივე SEO-ს მიმართავენ. თავად ეს პროცესი კი, საძიებო სისტემების ალგორითმების ფუნქციონირების დეტალების შესახებ ცოდნას საჭიროებს.
როგორც SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ლუკა ცხადაძე TECH INFORM-ში ამბობს, Google-ის ალგორითმები პერიოდულად იცვლება, ასე რომ SEO-სპეციალისტებმა ამ ტრანსფორმაციას თვალი უნდა ადევნონ და კონტენტი ამ ცვლილებებს მოარგონ.
“Google-ის ალგორითმები მუდმივად იცვლება - ის, რაც ხუთი და ათი წლის წინ მუშაობდა, დღეს აღარ მუშაობს. ამგვარად, მნიშვნელოვანია ცვლილებებს თვალი ვადევნოთ. ალგორითმის შემთხვევაში, Google-ი 300-ზე მეტ ფაქტორს უყურებს, ანუ კონტენტი, რომელსაც ვქმნით იმდენად გამართული და ოპტიმიზებული უნდა იყოს, რომ Google-მა ის რელევანტურად ჩათვალოს.
ჩვენი მიზანია, ვებგვერდი სამი მიმართულებით იყოს ძლიერი, ესენია - ტექნიკური გამართულობა, რელევანტურობა და ავტორიტეტულობა. თუ გამართულობა ბევრი დეტალის ერთობლიობაზე არის დამოკიდებული, რელევანტურობას სწორად დაგეგმილი და ოპტიმიზებული კონტენტი განაპირობებს. ავტორიტეტულობა კი ვებგვერდის პოპულარობაზე და ბექლინკების არსებობაზე არის დამოკიდებული - ეს ერთგვარი ხმის მიცემაა, როცა სხვა ვებგვერდი თქვენ რელევანტურად და სანდოდ მოგიხსენიებთ.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია თავად კონტენტის ხარისხი და სამომხმარებლო გამოცდილება, ანუ რამდენად სწრაფია თქვენი ვებგვერდი და რამდენად მარტივია მასზე ნავიგაცია. თუ ადრე, მომხმარებლის ვებგვერდზე შემოყვანა გარკვეული ხრიკებით შეიძლებოდა, ახლა ეს მიდგომა აღარ ჭრის და მარკეტინგის დიდი ნაწილი - ანალიზმა და კვლევამ დაიკავა”, - აღნიშნა SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში და დასძინა, რომ SEO სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება აუცილებელია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც ვებგვერდი აქვს და სურს, რომ კლიენტმა ის ინტერნეტში იპოვოს.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა იმ ობიექტურ პარამეტრებზე ისაუბრა, რომლებითაც ინტერნეტში განთავსებული კონტენტის ხარისხი იზომება.
"მას შემდეგ, რაც ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა, ეს კითხვა ძალიან აქტუალური გახდა, რადგან კონტენტის ხარისხის განსაზღვრა გართულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელსაც Google-ი ყურადღებას აქცევს - კონტენტის ავთენტურობაა. მნიშვნელოვანია ტექსტს ეტყობოდეს, რომ ის ადამიანის პირადი გამოცდილებით არის ნაკარნახები და უნიკალურ ცოდნას აერთიანებს. ცხადია, ტექსტი გრამატიკულადაც გამართული უნდა იყოს", - განაცხადა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.