დოკუმენტის თანახმად, ბოლო 3 წლის განმავლობაში აუდიტის დასკვნის საფუძველზე დევნა 23 საჯარო მოსამსახურის წინააღმდეგ დაიწყო, მათ შორისაა კონკრეტული ქალაქის მერი და ვიცე-მერიც (ქალაქი დასახელებული არაა).
“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 43 პირის მიმართ. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების საფუძველზე პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, 2018-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი 850 000 ლარის ოდენობით,” - ნათქვამია დოკუმენტში.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიებების ნაწილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას; სხვისი ქონების მითვის და გაფლანგვის; შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევას; კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ჩადენილი გულგრილობის; ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას და სხვა დანაშაულებს უკავშირდება.
BMG შეეცდება გაარკვიოს თუ რომელი ქალაქის მერის და ვიცე-მერის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.
ცნობისთვის: 16 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართა. როგორც მან განაცხადა, პროკურატურის საქმიანობის წლიური ანგარიშის საქართველოს პარლამენტში წარდგენისას, მთავარმა პროკურორმა ყურადღება უნდა გაამახვილოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გენერალურ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე და პარლამენტს, შესაძლებლობის ფარგლებში, გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს. თავის მხრივ, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმაც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის დასკვნებზე პროკურატურის რეაგირება ძალიან მნიშვნელოვანია.




























