მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების და ICT სერვისების ექსპორტს საქართველოსთვის "კვერცხის ნახარშის" ეფექტი აქვს|ზაზა ბროლაძე

ზაზა ბროლაძე

ეკონომისტ ზაზა ბროლაძის შეფასებით, ავტომობილების და ICT სერვისების ექსპორტს საქართველოს ეკონომიკისთვის „კვერცხის ნახარშის“ ეფექტი აქვს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ბოლო წლებში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორები იყო.

ეკონომისტმა იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოს ეკონომიკას „სიღრმე არ აქვს“, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა განიხილა.

"ტრადიციულად სასაქონლო ექსპორტის ლიდერი არის ავტომობილების ექსპორტი. ასევე, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტში გალიდერდა „სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება“. ანუ უცხოელმა რომ შეხედოს ამ სტატისტიკას, იტყვის - ეს რა განვითარებული ქვეყანაა საკუთარი ავტოინდუსტრიით და განვითარებული ICT სექტორითო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის.

კარგად ვიცით, რომ ავტომობილების ექსპორტი, ფაქტობრივად, რე-ექსპორტია. ანუ, იმპორტირებული ავტომობილები გაგვაქვს მესამე ქვეყნებში, ძირითადად, რუსეთში. ამასთან, უკანასკნელ წლებში, უცხოეთის მოქალაქეებმა თითქმის სრულად მოიცვეს ავტომობილების დილერშიპი, ტრანსპორტირება და საკუთარი პროფილაქტიკებიც კი აქვთ გახსნილი. აქედან ჩვენს ეკონომიკაში რჩება მიზერი, თითქმის არაფერი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ისინი გადასახადების გადახდას თავს არიდებენ.

2025 წელს ავტოექსპორტი რეკორდულ $2.8 მილიარდამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებში გადის ავტომობილები

ანალოგიური სიტუაციაა ICT სექტორშიც. ძალიან კარგია, რომ ბევრი ICT კომპანია შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა (ამაზე წინასწარი შეთანხმებაც არსებობს), ისინი საქართველოს ეკონომიკისათვის პროდუქტებს არ ქმნიან და ქვეყანას, ფაქტობრივად, ოფისად იყენებენ. ვინმემ იცის ეს კომპანიები რას საქმიანობენ, ან მათი შექმნილი პროდუქტი ვინმეს უნახავს? ამას შეიძლება „კვერცხის ნახარშის ეფექტი“ დავარქვათ ანუ ვყიდულობთ კვერცხს X ფასად და ისევ X ფასად ვყიდით და ჩვენ გვრჩება კვერცხის ნახარში“, - განმარტავს ზაზა ბროლაძე.

საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 2025 წელს 67%-ით, $1.15 მილიარდამდე გაიზარდა

ეკონომისტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მოწყვლადია. "საქართველოს ეკონომიკა, როგორც იტყვიან, გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარეს, ანუ თითოეულ ჩვენგანს", - თქვა მან და იქვე დასძინა, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, სწორედ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ე.წ. „დადებითი შოკების“ შედეგია.

ეკონომისტი გულისხმობს რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე, არ გამორიცხავს, რომ იგივე ეფექტი გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის ომმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები