სამგზავრო გადაყვანების ახალი კანონი, რომელიც ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა, არ მუშაობს. კანონი, რაზეც წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტრო მუშაობდა და რომლის მიღებაც გასულ წელს მიიღეს, თუმცა კანონქვემდებარე აქტების არ არსებობის გამო კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ვერ ხდება.
ორთაჭალის ავტოსადგურის დირექტორი თემურ ჯამრიშვილი ამბობს, რომ რეფორმის დროში გაჭიანურება ბაზარზე არსებულ ისედაც მწვავე მდგომარეობს კიდევ უფრო ართულებს. მისი თქმით, სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს უსისტემო მგზავრთა გადაყვანის პროცესი. ავტოსადგურები მოწყობილია ყველგან, კონტროლის მიღმა დარჩენილ სუბიექტებს კი არავინ აკონტროლებს.
“მაკონტროლებელი ორგანო შექმნილია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ჯერ არავინ არ იცის. სომხეთი საქართველოს რეისზე თბილისში დაახლოებით 10 ადგილზე მაინც ჩერდება იქიდან ჩამოსული მანქანა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს ისე რომ არავითარი აღრიცხვა არ არის. არც საქართველოს ბიუჯეტი იღებს რამეს და არც ავტოსადგურები. ყოველგვარი ნებართვის გარეშე დადიან იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან, ჰიპერმარკეტებთან და მეტროსადგურებთან აქვთ გაჩერებები. იგივე მდგომარეობაა რუსეთში მგზავრების გადაყვანის შემთხვევაშიც", - ამბობს თემურ ჯამრიშვილი.
გასულ წელს მიღებული ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა მხოლოდ ავტოსადგურებს შორის უნდა განხორციელდეს. ბიზნესის წარმომადგენლები კანონქვემდებარე აქტების დროულად ამოქმედებას ითხოვენ, რადგან მათთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია დეტალები თუ რის საფუძველზე შეძლებენ როგორც ავტოსადგურები, ისე მგზავრთგადამყვანი ოპერატორები შესაბამისი რეისების განხორციელებას.
“ტენდერები ჩატარდება ალბათ თბილისი თელავზე ვინ უნდა იაროს, თბილისი ქუთაისზე და ა.შ. საერთაშორისო რეისებზე ეს განსაზღვრულია, სერტიფიცირებული იყო პროცესი და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ანიჭებდა ამ უფლებებს. ახლა საქალაქთაშორისო რეისებია მხოლოდ დარჩენილი. ყველაზე მთავარი არის ის თუ ვინ აირჩევს რომელი ავტოსადგურიდან ივლის. ამას სახელმწიფო განსაზღვრავს თუ თვითონ გადამზიდავი აირჩევს. თუ გადამზიდავი აირჩევს მაშინ იგივე ქაოსი იქნება", - ამბობს ორთაჭალის ავტოსადგურის დირექტორი.
ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.