ბაჩიაშვილის საქმეზე ამ წუთებში სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელზედაც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას დაკითხავენ.
პროცესის დაწყებამდე თურნავას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. როგორც IPN-ი წერს, მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ „ყველაფერს კანონიერად აკეთებენ".
თავად საქმის ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი კი აცხადებს, რომ მთავარი კითხვა ნათია თურნავასთან იქნება - მან თუ ნახა რაიმე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას.
„მან ძალიან მძიმე დასკვნა გამოიტანა და უნდა ახსნას, ის გამოძალვის და ამ კრიმინალური შურისძიების თანამონაწილეა თუ მას მართლაც აქვს ობიექტური ინფორმაცია, რასაც შეიძლებოდა ის დაყრდნობოდა. ივანიშვილის ბანკს ვერ დააჯარიმებდა ვერც ნათია თურნავა და ვერც ერთი სხვა ეროვნული ბანკი და დააჯარიმებდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ივანიშვილს დასჭირდებოდა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ეს ივანიშვილს დასჭირდა“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
როგორ გაჩნდა ბაჩიაშვილის საქმეში თურნავა და რატომ დააჯარიმა სებ-მა 2023 წელს "ქართუ" 200,000 ლარით?
სხდომის ნაწილობრივ დახურვის შუამდგომლობა პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა. როგორც საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნულის მიზანი კომერციული საიდუმლოს დაცვაა, ვინაიდან კითხვები და საკითხები, რაც ნათია თურნავასთან იქნება დასმული, კომერციულ საიდუმლოებას შეეხება. შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ბრალდებულის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, რომ შუამდგომლობა ობიექტური ტესტის პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს და სხდომაზე არანაირი კომერციული საიდუმლოება არ გაჟღერდება. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა ნაწილობრივ დახურა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























