მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჩიაშვილზე სტატია The New York Times-მაც გამოაქვეყნა - რას პასუხობს ივანიშვილის ადვოკატი?

ბიძინა
07.10.25 18:32
598

The Guardian-ის შემდეგ, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე სტატია The New York Times-მაც გამოაქვეყნა.

5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში საუბარია ბიტკოინების საქმეზე, ბაჩიაშვილის დაკავებასა და საქართველოში ჩამოყვანაზე.

როგორც ავტორი წერს, ის ჟურნალისტის რანგში მრავალი წელია აშუქებს რეგიონს. საკითხით კი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა თბილისელმა ნაცნობმა ეს ამბავი მოუყვა და პოლიტიკური ელფერის მქონე კრიპტოვალუტის ძარცვად აღწერა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვესაუბრე ბატონი ბაჩიაშვილის ადვოკატებს, მის დედას და სხვა ადამიანებს, რომლებიც მას იცნობენ. მეორე მხრივ, მიმოწერა მქონდა ბატონი ივანიშვილის ადვოკატთან, რომელმაც უარყო ბრალდებები და გადავხედე საქმის შესახებ ქართული მედიისა და საზედამხედველო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს.

რაც აღმოვაჩინე, არის ისტორია, რომელიც ბევრ რამეს გვიამბობს დღევანდელი სამყაროს შესახებ. ეს არის მთელი სახელმწიფოების ინდივიდების მიერ მიტაცების შესახებ, პროცესი, რომელიც ვითარდება უნგრეთში, თურქეთსა და - საგანგაშოა - შეერთებულ შტატებში",- აღნიშნულია სტატიაში.

სტატიას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თემო წიქვაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს სტატია დაკვეთილია.

"აღნიშნული სტატია კარგი მაგალითია იმისა, რომ "The New York Times”, ისევე როგორც ,,The Guardian”, ზუსტად იგივე გავლენის ქვეშ არიან და მოქმედებენ, როგორც ლოკალური, ანგაჟირებული მედიები, რომლებიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუყედ ფინანსდებიან მათ შორის ბაჩიაშვილის მიერ, მოპარული აქტივების ხარჯზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ჟურნალისტის მიერ სტატიაში ასახულ და უაპელაციოდ გაზიარებულ იქნა მხოლოდ ბაჩიაშვილის მოსაზრებები. დაზარალებული მხარის პოზიციები, ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხები კი გადმოცემულია ზოგადი, აბსტრაქტული სახით იმ მიზნით, რომ მაქსიმალურად წარმოჩენილიყო თითქოსდა მათი სისუსტე, დაუსაბუთებლობა. ამავდროულად, მნიშვნელოვან კითხვებზე დაზარალებული მხარის ამომწურავი, დასაბუთებული პასუხები, რომლებიც სტატიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მხრიდან მათთვის არამომგებიანად იქნა მიჩნეული, საერთოდ არ არის ასახული ტექსტში (მაგალითად, საქმის პოლიტიკურ მოტივაციასთან და თითქოსდა ბაჩიაშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასთან, მხარეებს შორის მორიგების მცდელობასთან, ბაჩიაშვილის მიერ თავისივე ჩვენებებზე უარის თქმასთან, ციხეში თითქოს სამარტოო საკანში ყოფნასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გაცემული პასუხები).

დეტალურ განხილვაში არც კი შევალ, რადგან აღნიშნულის ღირსნი არ არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერად მოქმედი დაინტერესებული პირები",- დაწერა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) კი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია 27 მაისს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ბაჩიაშვილი სადახლოს მწვანე ზონაში დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლო პროცესზე თავად ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ის "შაბათს, 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან თვალები ამიხვიეს და 2 დღე თვალახვეული მატარეს".

აღსანიშნავია ისიც, რომ 12 აგვისტოს სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ძალაში დატოვა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები