საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ინდექსის 2023 წლის მეოთხე კვარტლის შედეგებით, ბიზნესს საქმიანობისთვის ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. მათ შორის არის: სპეციალისტების ნაკლებობა; სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები; სამუშაო ძალის ნაკლებობა; ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა.
ინდექსის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც თვლიან, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები არსებობს. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით არის შემცირებული 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით. მოცემულ კვარტალში, პრობლემათა შორის პირველი ადგილი სპეციალისტების ნაკლებობამ დაიკავა.
BAG-ის ინდექსზე საუბრისას "გრანთ თორნთონის" თანამმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას თქვა, რომ იგი „გარკვეული ტრენდის და მაკროეკონომიკური თემების მანიშნებლად ვერ ჩაითვლება“.
„კვლევის ნაწილი დეკემბრამდე ჩატარდა, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ გვქონდა; ამავე დროს ეროვნული ბანკის თემაც დაემთხვა, ამიტომ მაშინ იქ ხალხის პოზიცია შესაძლოა უფრო პესიმისტური იყო. თუმცა ამ წელთან მიმართებაში პოზიტიური განწყობა გვაქვს, რომ ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს, მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეფორმა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთანაა დაკავშირებული", - განაცხადა მან.
პაატა შურღაიამ ასევე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings”-ის ანგარიშზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი'BB' დონეზე შეუნარჩუნა.
პაატა შურღაიას მოსაზრებით, აღნიშნული რეიტინგის გაუმჯობესება ასევე დამოკიდებულია, თუ რა მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებში, ასე რომ მისი თქმით ამ ნაწილს მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებით ვერ განვსაზღვრავთ.
„Fitch-ის რეიტინგთან მიმართებით, ისტორიას რომ გადავხედოთ 'BB' მინუსზე ან 'BB' პლუსზე თამაშობს. თუ ჩვენი მეზობლები არ დალაგდნენ და კარგ გარემოში არ ვიქნებით შეიძლება სხვა დონეზე ვერ ავიდეთ, იმიტომ რომ მოწყვლადი ვართ“, - განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „Fitch-ის ანგარიშში საუბარია რისკებზე, სადაც მათ შორის ნახსენებია, სებ-ის კანონში ცვლილება და ლარის კურსი.
"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მმართველობის ხარისხით უსწრებს თავის მსგავს ქვეყნებს, თუმცა მმართველობის ხარისხის აღქმას დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მზარდი დაპირისპირება (რომელიც 2023 წელს პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტის მცდელობაში გადაიზარდა)", - წერს Fitch-ი თავის მიმოხილვაში.