"თუ საერთაშორისო სტანდარტებით შევხედავთ, ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთი - 8% შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ქვეყნის გამოწვევების კვალობაზე, ეს არის პარამეტრი, რომელიც იძლევა საშუალებას ბანკებს იაფი ფულის, იაფი სესხის შესაძლებლობა ჰქონდეთ", - ამის შესახებ სებ-ის საბჭოს უკვე მოქმედმა წევრმა ლევან ძნელაძემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"ქართული ოცნების" პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხივე წარდგენილი კანდიდატი დღეს, 6 თებერვალს დაამტკიცა. წარდგენილ კანდიდატებს შორის იყო ლევან ძნელაძეც.
"სასესხო საპროცენტო განაკვეთის შემცირების თემა ყველაზე პოპულარული და ყველაზე მტკივნეულიცაა. მოგეხსენებათ, ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც გარკვეული საზღაურის საფასურად გასცემს ფინანსურ რესურსს. განაკვეთის შემცირების შესაძლებლობები დამოკიდებულია პარამეტრებზე, რომლის თარგეთირებაც ჩვენთან ხდება. მინდა მოგახსენოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ თვალსაზრისით. უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 3%-ით 8%-მდე შემცირდა ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთები.
შეიძლება თუ არა, რომ უფრო შემცირდეს? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, არავის უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ნული გახდება. ნული ვერ გახდება ვერასოდეს, ამას პირდაპირ გეუბნებით. თუმცა თუ საერთაშორისო სტანდარტით შევხედავთ ამ პროცესს, შეიძლება ითქვას რომ 8% შედარებით მაღალი მაჩვენებელია. უბრალოდ, აქ მნიშვნელოვანია ის, რა რეგიონში ვართ და რა ეკონომიკის გამოწვევების წინაშე ვართ. ვფიქრობ, ამის გათვალისწინებით ეს ის პარამეტრია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, კომერციულ ბანკებში მეტი შესაძლებლობა გავაჩინოთ იაფი ფულის და იაფი სესხისთვის, როგორც სამომხმარებლო, ისე სამეწარმეო ბაზრისთვის", - განაცხადა ძნელაძემ.




























