მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას საბერძნეთიც განიხილავს

საბერძნეთი

ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვის საერთაშორისო ტენდენცია სულ უფრო ძლიერდება და მას საბერძნეთიც უერთდება. მას შემდეგ, რაც რეგულაციები გამკაცრდა ავსტრალიასა და საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში კი შეზღუდვები განიხილება, ანალოგიური ზომების მისაღებად ათენიც ემზადება.

სააგენტო Reuters-ი საბერძნეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლება ამზადებს პოლიტიკას, რომელიც სოციალურ პლატფორმებზე ასაკობრივ შეზღუდვებს დააწესებს. ამ ნაბიჯით საბერძნეთი იმ ქვეყნების მზარდ სიას შეუერთდება, რომლებიც ბავშვებისთვის ციფრული უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

ჯერ კიდევ სექტემბერში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა საჯაროდ დაადასტურა, რომ მთავრობა 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების პოტენციურ აკრძალვას განიხილავს. ეს ინიციატივა ავსტრალიურ მოდელს ეფუძნება, რომელსაც მომხრეების შეფასებით, უკვე აქვს ხელშესახები შედეგები.

სოციალური ქსელების გარდა, საბერძნეთის მთავრობა ასევე სწავლობს არასრულწლოვნების ურთიერთქმედებას ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტებთან და სასაუბრო სისტემებთან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეგულაციები ტრადიციულ სოციალურ ქსელებს გასცდება და ციფრული ჩართულობის ახალ ფორმებსაც შეეხება.

ავსტრალიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - "ბავშვთა დაცვა ციფრულ ეპოქაში" - სიტყვით გამოსვლისას, საბერძნეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ონლაინ უსაფრთხოება მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს. მიცოტაკისის თქმით, შეზღუდვების აღსრულება სახლის პირობებში განსაკუთრებით რთულია (მით უმეტეს მარტოხელა მშობლებისთვის), როდესაც ბავშვები თანატოლების მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდიან, იყვნენ ჩართულნი ქსელში.

განხილვის პროცესში მყოფი პოლიტიკა რეგულაციებისა და მხარდამჭერი მექანიზმების კომბინაციას გულისხმობს, რათა ოჯახებზე წნეხი შემცირდეს, პლატფორმებისთვის კი სავალდებულო სტანდარტები დაწესდეს.

საბერძნეთის ხელისუფლებამ სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება უკვე აკრძალა, რასაც, ოფიციალური პირების თქმით, საკლასო პირობებსა და სწავლის შედეგებზე დადებითი გავლენა ჰქონდა.

ტექნოლოგიური კომპანიების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტის - ასაკის ვერიფიკაციის სირთულის - საპასუხოდ, საბერძნეთმა სამთავრობო პორტალზე (parco.gov.gr) სახელმწიფო ციფრული სისტემა აამოქმედა. ეს სისტემა ეროვნულ რეესტრებთანაა დაკავშირებული და მშობლებს საშუალებას აძლევს, შვილისთვის პირველი სმარტფონის შეძენისას ბავშვის ასაკი დაადასტურონ.

იგივე პლატფორმა მშობლებს სოციალური ქსელების მართვისა და მონიტორინგისთვის გამარტივებულ ინსტრუმენტებსაც სთავაზობს.

ესპანეთი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები