„2023 წლის ბოლომდე, ბევრი ახალი სტანდარტი და რეგულაცია შემოგვაქვს, რომლებიც მიმართულია ჯანდაცვის სისტემაში, პაციენტზე ზრუნვისა და მომსახურების ხარისხის გაზრდისკენ“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, სექტემბრიდან, ძალაში შედის რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურებების სანებართვო პირობები, რომელიც ქვეყანაში, ამ დრომდე არ არსებობდა და პირველად ინერგება.
„ცვლილების მიხედვით, მკაცრად არის განსაზღვრული, რა აღჭურვილობა უნდა ჰქონდეს კლინიკას. ასევე - ოთახის მოწყობის წესი, თითოეულ პაციენტსა და საწოლზე ექიმების, ექთნების, თუ რეანიმატოლოგების რაოდენობა. ეს სტანდარტები, ერთხელ და სამუდამოდ, მოაწესრიგებს რეანიმაციულ და ქირურგიულ მომსახურებას. შესაძლებლობას მოგვცემს, პაციენტი იმართოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ნოზოკომიური ინფექციების გავრცელების რისკი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ, დამტკიცებული სტანდარტების მიხედვით, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
სამედიცინო დაწესებულებები ამბობენ, რომ ყველა მოთხოვნის შესრულება შესაბამის დროს მოითხოვს, ამიტომ თუ ცვლილებები არ გადავადდა, ეს პრობლემას შექმნის როგორც დაწესებულებებისთვის, ისე პაციენტებისთვის, რადგან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა შესაძლოა შეფერხდეს. კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით რთულია, როგორც ინფრასტრუქტურული გადაწყობა, ისე რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით ზრდა, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს. ჯანდაცვის მინისტრი კი, ცვლილებების გადავადების საჭიროებას ვერ ხედავს.