მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიზნესის დუმილი უკვე პოზიციის დაფიქსირებაა - ხელისუფლებისადმი ლოიალურები არიან"|ინტერვიუ

ხიშტოვანი გიორგი

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება“ - ეს წინადადება ჩაიწერა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც პირდაპირ თქვა, რომ "საქართველო ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად უფრო შორსაა, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს“. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ქართული ბიზნესასოციაციები/გაერთიანებები, რომლებმაც სამი წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭება ერთობლივად სთხოვეს, ჯერჯერობით, დუმილის რეჟიმში რჩებიან.

"საქართველოს ბიზნესასოციაცია", AMCHAM, EUGBC, ICC, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, გერმანიის ეკონომიკური კავშირი; თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია - საქართველოს ინვესტორთა საბჭოში შემავალმა სწორედ ამ ბიზნესასოციაციებმა 2022 წლის ივნისში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს. "ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ჩვენი მუშაობის დასაწყისი იქნება", - ეწერა ბიზნესის საერთო მიმართვაში.

დღეს, როდესაც ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში, უნდა მოითხოვოს თუ არა განმარტება და ევროპულ გზაზე დაბრუნება ბიზნესმა მთავრობისგან? - ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს დავუსვით. ნორმალურ სიტუაციაში - დიახ, უნდა მოითხოვონ“ - აცხადებს ეკონომისტი, თუმცა ამ ვითარებაში, მას ბიზნეს ასოციაციებისგან ასეთი აქტიურობის მოლოდინი არ აქვს.

- თუ ეს ორგანიზაციები თანმიმდევრულები დარჩებოდნენ, რა თქმა უნდა, ახლა არის სწორი დრო ამ მესიჯების გაჟღერების, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებით, ბიზნესის დუმილი უკვე პოზიციის დაფიქსირებაა...

- როგორი პოზიციის?

- ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური პოზიციის... როგორც ჩანს, ქართული ბიზნეს ელიტა იზიარებს ქართული ოცნების“ ხედვას ქვეყნის განვითარების, მათ შორის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით...

- ან იქნებ შიშის და „მაინც არაფერი შეიცვლება“ მდგომარეობის გამო არიან დუმილის რეჟიმში?

- ახლა ემოციებზე მსჯელობა ცოტა ძნელია. ფაქტია, დღეს ბიზნესი არის ჩუმად, არის ლოიალური, არ არის კრიტიკული და მისი ფუნქცია იქამდეა დასული, რომ როდესაც დაუძახებს ქართული ოცნება“ და მოახსენებს არაჩვეულებრივი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, დაეთანხმოს მას... 2025 წლის ქართულ რეალობაში, ეს არის ბიზნესის ფუნქცია და როგორც ჩანს, ეს მდგომარეობა მისაღებია ბიზნესისთვის. შესაბამისად, აბსოლუტურად არ ველოდები რაიმე ტიპის განცხადებას, რომელიც იქნება თუნდაც მინიმალურად კრიტიკული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შენიშვნები აქვს ევროკავშირს ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ.

"ინვესტორთა საბჭო პრაქტიკულად დახურულია... მძინარე სტატუსით არსებული ფორმალობაა" - ზვიად ჭუმბურიძე/EUGBC

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები