ჭიათურაში მაღაროელები 85-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. დღეისთვის ოთხმა ჭიათურელმა შიმშილი იმ მოთხოვნით შეწყვიტა, რომ დაკავებული თანაქალაქელები გაათავისუფლონ. ამის შესახებ BM.GE-ის საპროტესტო აქციის მონაწილემ, მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ორი დღის წინ ჭიათურის მაღაროების წარმოების ხელმძღვანელ მიხაილ სოცკისა და მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და მათ ვერ მიიღეს ხელფასების დარიცხვასა თუ სხვა საკითხებზე ამომწურავი პასუხები. მაღაროელი იმასაც ამბობს, რომ თუ დაკავებულ ჭიათურელებს გაათავისუფლებენ, პროტესტის, მაღაროელების მოთხოვნების განხილვის პირობით შეწყდება.
„პროტესტის 85-ე დღეა, ვართ ისევ საპროტესტო აქციაზე. 2 დღის წინ მიხაილ სოცკისთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო და ყველანი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გამოვედით. არის ისეთი შემთხვევები, როცა საწარმოებში ნაწილობრივ ხალხი შედის და აღდგენით-გამაგრებით სამუშაოებში ერთვება, მაღაროელების ნაწილი კი ქუჩაში, საპროტესტო აქციაზე ვდგავართ. გუშინ ასეთი შემთხვევა იყო, რომ ხელმძღვანელები პროტესტის მონაწილეთა ნაწილს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ ხვალიდან მივიდოდნენ სამსახურში, მათ სამუშაო ადგილებზე აღადგენდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ამ საკითხზე დღეს კომპანიის ხელმძღვანელობასთან ავედით, პირადად მიხაილ სოცკი არ შეგვხვედრია, თუმცა ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ადამიანები, რომლების საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან, არ უნდა დააშანტაჟონ და მათ გამოხატვის თავისუფლებას ხელი არ უნდა შეუშალონ. ეს იყო დღევანდელი შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა. ამის შემდეგ პროტესტის მონაწილეებს ვუთხარით, რომ ვიდრე საპროტესტო აქციებზე ივლიან კომპანია მათ ვერ დააშანტაჟებს და ვერ შეზღუდავს მათ უფლებებს.
„დღეისთვის მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს იმ პირობით, რომ დაკავებულ 4 ჭიათურელს გაათავისუფლებდნენ. ჩვენი მოთხოვნები ძალაში რჩება: პატიმრების გათავისუფლება, ხელფასების დარიცხვა, რა საკითხზედაც 2 დღის წინ ვერ შევთანხმდით და ღიად გვრჩება; ბანკის სესხის პროცენტის განულება, რაც გადაგვივადდა და დაგვიგროვდა, ასევე ფონდის შექმნისა და შუქრუთის მოსახლეობის კომპენსაციების საკითხი.
იმ შემთხვევაში, თუ ბიჭებს გაათავისუფლებენ, საპროტესტო აქცია შეწყდება, კარვებს დავშლით, სამუშაო პროცესს დავუბრუნდებით, თუმცა უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ ჩვენ მოთხოვნებზე მუშაობა გაგრძელდება დიალოგის რეჟიმში, განიხილება და შესრულდება. ეს უბრალოდ ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ გარანტიები არ გვაქვს“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის შეხვედრა 26 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა მას შეხვედრის მოლოდინი არ აქვს.
„ეს ორი ფუნდამენტური საკითხი უნდა გადავჭრათ“ - მიხაილ სოცკი მაღაროელებს შეხვდა
მოვლენების ქრონოლოგია:
- 2024 წლის ნოემბრიდან „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა, თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა;
- 2025 წლის თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა.
- 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები დაიწყეს. ძირითადი მოთხოვნები: კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის [ჯორჯიან მანგანეზის] ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა; მთავრობის მიერ მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია; ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდება.
- 7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, გადაწყიტა მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოების აღარ განეახლებინა. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“;
- 14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება;
- პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება. პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
- 19 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომაზე განიხილეს, სადაც ეკონომიკის, ჯანდაცვის, იუსტიციის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების და მთავრობის წარმომადგენელთან ერთად პროფკავშირებიც მონაწილეობდნენ.
- 25 მარტს მაღაროელებმა საპროტესტო აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს. მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო. დედაქალაქში პროტესტი უშედეგოდ დასრულდა. ამავე დღეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროფკავშირებს უნდობლობა გამოუცხადეს. კომისიის მუშაობის შედეგად დასაქმებულებს 2 თვის ხელფასის 60% დაერიცხათ.
- 16 აპრილს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად შეჯერდნენ, რომ კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა. მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო.
- 22 მარტს კომპანიაში განაცხადეს, რომ მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესს სამთო-მომპოვებელი კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
- 23 მარტს კი "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" რეორგანიზციის დაწყების შესახებ განაცხადა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა გამოაქვეყნა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის თაობაზე შეტყობინება კომპანიას პროფესიული კავშირებისთვის არ გაუგზავნია და მათთვის უცნობია კომპანიის კონკრეტული გეგმების შესახებ. გაერთიანება კომპანიას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დასაქმებულთა უფლებების დარღვევის გარეშე მოქმედებისკენ მოუწოდებს.
- კომპანიამ 19 მაისის საღამოს განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ ის პირები, რომლებთანაც რეორგანიზაციის პროცესში შრომითი ურთიერთობების გაგრძელება ვერ მოხერხდა, საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლებად განიხილებიან.




























