ჩინეთმა $2.6 მილიარდის ღირებულების კანადურ პროდუქციას, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქტებს, ტარიფები დაუწესა, რაც ოტავას მიერ გასული წლის ოქტომბერში გადადგმული ნაბიჯების პასუხია. შედეგად, "სავაჭრო ომს" რომელიც მეტწილად აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოიწყო, ახალი ფრონტი აქვს.
ჩინეთი კანადური პროდუქტის იმპორტზე ტარიფებს 20 მარტიდან აამოქმედებს. საგადასახადო პოლიტიკა კანადურ მიდგომას იმეორებს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იანი, ლითონისა და ალუმინის პროდუქტებზე კი 25%-იანი ტარიფი დააწესა.
ტარიფები არ გავრცელდება კანოლაზე, რომელიც ჩინეთში კანადის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რაც, შესაძლოა, მიუთითებდეს ჩინეთის მზაობაზე, სავაჭრო მოლაპარაკებები გამართოს.
"კანადის მიერ გატარებული ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და ატარებს დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ვნებს ჩინეთის ინტერესებსა და უფლებებს", - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.
100%-იანი ტარიფი კანოლას ზეთისა და ბარდის იმპორტზე გავრცელდება, ხოლო 25%-იანი გადასახადი დაწესდება კანადური აკვაკულტურისა და ღორის ხორცის პროდუქტების იმპორტზე.
ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ, კანადის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის ამ ქვეყნიდან ჩინეთში $47 მილიარდის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა.
კანადა ჩინურ ელექტრომობილებზე 100%-იან საიმპორტო ტარიფებს აწესებს