მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩინეთს შეუძლია, "მოკლას" ქართული მეფრინველეობის ბაზარი"|ინტერვიუ "მეფრინველეობის ასოციაციის" ხელმძღვანელთან

ზურაბ უჩუმბეგაშვილი

კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ თანადამფუძნებელი და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი, ჩინეთ-საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილებებში, რომლითაც საქართველოდან ჩინეთში ფრინველის ხორცის ექსპორტიც შესაძლებელი ხდება, გარკვეულ რისკებს ხედავს.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

მისი შეფასებით, კარგია, რომ პროდუქციის გაყიდვის კიდევ ერთი წერტილი ჩნდება, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღესდღეობით, აშშ-ც კი ცდილობს ჩინური იაფი პროდუქციისგან თავის დაზღვევას.

„ჩინეთს შეუძლია, საერთოდ „მოკლას“ და გააჩეროს და გაანადგუროს ქართული მეფრინველეობის ბაზარი“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

საქმე ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული შეთანხმება მიზნად ისახავს დოკუმენტის ადაპტაციას თანამედროვე სავაჭრო გარემოსთან და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ინვესტიციებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ცვლილებები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჩინურ ბაზარზე ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის ფრინველის ხორცისა და თაფლის, დაშვების კუთხით.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ფრინველის ხორცის უდიდესი მწარმოებელია, ის მაინც მთელი მსოფლიოდან ახორციელებს იმპორტს. განსაკუთრებით სჭირდებათ ფეხები და კისერი - ეს ორი კომპონენტი ჩინელებისთვის, როგორც ჩანს, პურივით არის. მთლიანი მოხმარების, დაახლოებით, 45%-ს ჩინეთი სხვადასხვა ქვეყნიდან ყიდულობს. ჩინეთმა საქართველო დაიმატა როგორც ერთ-ერთი საიმპორტო ქვეყანა. ამ დღეებში ჩამოვიდნენ [ჩინეთიდან] და დაათვალიერეს სასაკლაოები და საწარმოო ხაზები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ცხოველური წარმოშობის პროდუქციას ეხება, ვეტერინარული ნებართვის მისაღებად ადგილზე დათვალიერება ყოველთვის ხდება, თუმცა, რეალურად, ჩვენთან ფრინველის ხორცის თვითდაკმაყოფილების კოეფიციენტი მხოლოდ 30%-ია. ეს 30% ხომ სრულად ჩინეთში ვერ წავა?! ამ მოცულობიდან ფეხი და კისერი მხოლოდ 3-4%-ს შეადგენს. ეს რაოდენობა რომ სრულად მთლიანად ჩინეთში გაიგზავნოს, ზღვაში წვეთია. ამიტომ, მხოლოდ ჩინეთის იმედად ნუ ვიქნებით. ამდენად, კარგია, რომ პროდუქციის გაყიდვის კიდევ ერთი წერტილი ჩნდება, მაგრამ აქ მეორე კითხვა ჩნდება: მთელი მსოფლიო ცდილობს ჩინური იაფი პროდუქციისგან თავის დაზღვევას. კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, ბატონი რეზო ვაშაკიძეც ახსენებს ხოლმე ინტერვიუებში, რომ თუ ჩინელი ჭამს ფეხს და კისერს, ის არ ჭამს მკერდსა და ბარკალს. შესაბამისად, თუ აქედან ფეხი და კისერი წავა, აქეთ კი [საპასუხო ტვირთად] კონტეინერით წამოვა ის პროდუქცია რასაც იქ არ მოიხმარენ, აქ ატყდება გნიასი - ჩვენთან ქათმის ფეხს და კისერს არავინ ჭამს, ხოლო ის ნაწილები, რომლებზეც აქ მოთხოვნაა, ჩინეთიდან ძალიან იაფად შემოვა და ეს ჩვენს წარმოებას დაანგრევს. ამერიკამაც კი, ტრამპის დროს, პირველ რიგში, ჩინურ საქონელზე გადასახადები დააწესა. ამიტომ, რამდენად მისაღებია ჩინეთთან ასეთი თავისუფალი ვაჭრობა, სადავო საკითხია. მთელი მსოფლიო საკუთარი ბაზრის დაცვას ცდილობს...

- საინტერესოა, სავაჭრო შეთანხმებაში შესული ცვლილებები კონკრეტულად რას ითვალისწინებს, [თუ განისაზღვრა კვოტები და ა.შ...]

- ისევ ფრინველის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელს [დავესესხები] - ჩინეთმა, ფაქტობრივად, გააჩერა [საქართველოში] ქათმის ხორცის წარმოება, რადგან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ჩინეთიდან შემოდის ე.წ. ფილე (თეთრი ხორცი), რომელიც ბავშვებს ასე ძალიან უყვართ. ახლა ჩვენ რა გვინდა - ჩინეთში გავიტანოთ პროდუქცია და იქიდან არ შემოვიტანოთ?! ეს გამორიცხულია. თუ ხელშეკრულებას ვაფორმებთ, პროდუქცია ორმხრივად იმოძრავებს. კვოტა ხომ მაინც უნდა დაწესდეს [იმპორტზე], რომ პირობითად შემოვიდა 100 ტონა ქათმის ხორცი?! ჩინეთს შეუძლია საერთოდ „მოკლას“ და გააჩეროს ქართული მეფრინველეობის ბაზარი, რადგან ისინი ზუსტად იმას ყიდიან იაფად, რასაც თავად არ ჭამენ - ფილესა და ფრთებს, ჩვენთან კი სწორედ ამაზეა მოთხოვნა.

- რა კითხვებზე გსურთ ადგილობრივ მწარმოებლებს პასუხის მიღება - მარიამ ქვრივიშვილი აწერს ხელს შეთანხმებებს, საქართველოს სახელით...

- როგორ გითხრათ, კითხვა ბევრია.

- დავტოვოთ კითხვები...

- რაში გვჭირდება ჩინური პროდუქცია?!

- ჩინეთში ცხოველური წარმოშობის საქონლის ექსპორტისთვის...

- და რა გაგვაქვს - წელიწადში სამი მანქანა ქათმის ფეხი და თავი?! იქნება თუ არა ეს ჩვენთვის ასათვისებელი ბაზარი, საკითხავია. აქამდეც არ გვქონდა ექსპორტი ჩინეთში და არ დავღუპულვართ. თუ შევძლებთ ქართული ბაზრის დაცვას, მაშინ წარმოება გაიზრდება. რატომ გვაქვს მხოლოდ 30%-იანი თვითუზრუნველყოფა?! იმიტომ, რომ ბაზარი დაუცველია. ანალოგიური ვითარება იყო კვერცხზეც. ბაზარი დაცული რომ იყოს, მაგალითად, „ჩირინას“ შეუძლია თვეში 30,000 ტონა აწარმოოს, მაგრამ აწარმოებს მხოლოდ 12 000 ტონას. რატომ?! იმიტომ, რომ რეალიზაციის ბაზარი არ აქვს. ბრაზილიას კონკურენციას ვერ გაუწევ. თვითღირებულებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ენერგომატარებლებია. ბრაზილიაში მთელი წელი 30 გრადუსია, გათბობა არ სჭირდებათ. ჩვენთან, როცა გარეთ მინუს 10 გრადუსია, შიგნით კი 35 გრადუსი უნდა შეინარჩუნო, გაზისა და ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფებით, ხარჯი კოლოსალურია. ამ დროს კი პროდუქცია შემოდის ქვეყნიდან, სადაც ზამთარი არ არის და რომელიც მსოფლიოში პირველია მარცვლეულისა და სოიოს წარმოებით. მათ კონკურენციას ვერ გაუწევ. ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ: ან ვიცავთ ბაზარს, ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას და ამას ვარქმევთ სასურსათო უსაფრთხოებას ან პირდაპირ გადავდივართ იაფიანი იმპორტული პროდუქციის მოხმარებაზე და ამ თემაზე საუბარს ვასრულებთ.

რატომ ვერ/არ ზრდის "ჩირინა" წარმოებას? - რეზო ვაშაკიძის რჩევები მთავრობას

ქათმის ხორცის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - 1 კგ-ის საშუალო ფასი $1.6-ია | საიდან შემოგვაქვს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები