“ჩვენ ქართველი ხალხის გვერდზე ვართ” - ამ კომენტარით ჰელსინკის კომისიამ Politico-ს სტატია გააზიარა, რომელშიც საუბარია, რომ კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტით ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, აშშ საქართველოსთვის სავაჭრო პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიულ სვლას შეწყვეტს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა თუ უარს იტყვის ანტიდასავლურ რიტორიკაზე და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკუსვლას შეაჩერებს, მაშინ აშშ დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთვის „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გახსნაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე.
კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის ასევე ავალდებულებს სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური ელემენტებისთვის იქნება გამიზნული“.
ნათქვამია, რომ აღნიშნული პირობებით პროგრამა იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, ეს პროგრესი კი მინიმუმ, სამართლიან, თავისუფალ არჩევნებში და დაბალანსებულ წინასაარჩევნო გარემოში გამოიხატება.
ასევე, Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელსაც ჯო უილსონი ამერიკის კონგრესში წარადგენს, ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებას ითვალისწინებს.
როგორც გამოცემა წერს, იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში რუსული სტილის „აგენტების კანონის“ მიღებაზე არიან პასუხისმგებლები, შესაძლოა აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა დაემუქროთ.