ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას ძალიან კარგი დინამიკა გააჩნია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
ალი ასადოვის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოში უდიდეს ინვესტიციას ახორციელებს. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ბაქოს აზერბაიჯანელი ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი აქვს. კონკრეტულად, რა პრობლემები იგულისხმა აზერბაიჯანის პრემიერმა, უცნობია.
„SOCAR-ი საქართველოში თავის საქმიანობას წარმატებით ახორციელებს. კომპანია ყოველთვის საქართველოს ეკონომიკაში უდიდეს ინვესტიციას დებს და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გადამხდელია. ასევე, SOCAR-ი საქართველოში პერიოდულად სოციალურ პროექტებსაც ახორციელებს და ამ მიმართულებითაც გააგრძელებს თავის საქმიანობას.
ამავდროულად, აზერბაიჯანის ინვესტორების საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხების მოგვარებაზე საქართველოს მთავრობის იმედი გვაქვს. აღნიშნული საკითხების დადებითად მოგვარება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობას უფრო გააძლიერებს და გააფართოებს, რადგან აზერბაიჯანელი ინვესტორები დაინტერესებულნი არიან საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადებით. ჩვენც, თავის მხრივ, საქართველოს კომპანიების აზერბაიჯანულ ბაზარზე საქმიანობის უზრუნველყოფისთვის საჭირო პირობებს ვქმნით. აზერბაიჯანში აქტიურად მოქმედი 650-ზე მეტი ქართული კაპიტალის მქონე კომპანია არსებობს. აზერბაიჯანის მთავრობა ამის შემდეგაც ქართული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობისთვის საჭირო პირობებს შექმნის”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ალი ასადოვმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული თანამშრომლობის პროექტრებზეც.
„აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხრეთის დერეფანი. ჩვენი ქვეყნები ამ სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. „სოკარის“ მიერ საქართველოს ბაზარზე გაზის მიწოდება გრძელდება. ნავთობისა სფეროშიც ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ბაზით გასულ წელს 30 მლნ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ყულევის ტერმინალსა და მასთან ახლომდებარე ნავთობის გადამუშავების ქარხანას შორის თანამშრომლობის საკითხი ამჟამად აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით უკვე ხელშეკრულება გაფორმდა და ახლო მომავალში ყულევის ტერმინალიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა დაიწყება.
ამავდროულად, დღეს ჩვენ ერთად ევროპაში მწვანე ენერგეტიკის ხიდს ვაშენებთ. შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელის პროექტი აზერბაიჯანში, საქართველოში, რუმინეთსა და უნგრეთში ხორციელდება. ეს პროექტი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს,“- აღნიშნა ალი ასადოვმა.