კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამის მონიტორინგს მომდევნო კვირიდან დაიწყებენ. საუბარია იმ ნორმებზე, რომლებიც პარლამენტმა 2025 წლის გაზაფხულზე მიიღო. ამ განცხადებით Comcom-ი დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელევიზიის სანქცირებას გამოეხმაურა.
მარეგულირებლის განცხადებით, "პოსტვ"-ისა და "ტელეიმედის" სანქცირება ქვეყნის მედიაპლურალიზმისთვის დამაზიანებელია და ის ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეფერხებისკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე Comcom-ი კანონების პრაქტიკაში ამოქმედებას აუცილებლად მიიჩნევს.
"საქართველოში მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კომისიის მიერ დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“, რომლებიც პროგრამების შინაარსობრივი რეგულირების თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობას ეფუძნება და მედიის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებს შეესატყვისება. აღნიშნული აქტები კომუნიკაციების კომისიას მედიაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვის ვალდებულებას ანიჭებს. რაც შეეხება მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხს, მიუხედავად კანონის არსებობისა, კომისია თითქმის ერთი წელია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებს და თავად მაუწყებლების მიმართ ამავე კანონით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითა და მედიაგარემოში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიღებულიყო სწორი და დაბალანსებული მედიაპრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, დღევანდელმა მოცემულობამ კი საკითხი და მისი გადაწყვეტის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.
კომუნიკაციების კომისია იმოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რათა დაიცვას მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი საქართველოში", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი პრეზიდენტმა 2025 წლის 1 აპრილს მოაწერა. ის აწესებს მთელ რიგ ახალ ნორმებს პოლიტიკური დებატების ორგანიზების, საავტორო გადაცემების შინაარსის, ასევე საგამოძიებო ხასიათის ჟურნალისტური პროგრამების მომზადებასთან დაკავშირებით..
ასევე აღნიშნული კანონი "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღებას კრძალავს, ამავე კანონით "უცხოური ძალა" განიმარტება როგორც ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან არ არის რეგისტრირებული საქართველოში.
"აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება (გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა). ამასთანავე, აკრძალულია უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული;
დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული,"- წერია მაუწყებლობის შესახებ კანონში.




























