მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილება განაპირობებს სებ-ის მმართველობაში უხეშ ჩარევას - პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები

63fdb2a4ce7e2
ინგა მურუსიძე
28.02.23 12:10
998
სტატიაში საუბარია:
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს კანონპროექტი არ იყო საჭირო. ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონპროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება.

სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობდა.

მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნა ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, არასდროს ყოფილა პრობლემა ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა.

„დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება განაპირობებს კონსტიტუციური ორგანოს, ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას და აღიქმება მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის უხეშ მცდელობად.

ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ემთხვევა უახლოეს პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას და უკავშირდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას. ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ დროებით მოვალეობის შემსრულებლები.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრიდან 5 იქნება აღმასრულებელი, ხოლო 4 - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად, თუნდაც გარკვეული პერიოდით, ირღვევა საბჭოს აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები.

ეროვნული ბანკის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს სიღრმისეულ მიდგომას და მიმართული უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და სანდოობის გაზრდისკენ, რაც მიღებული ცვლილებებით ნამდვილად ვერ მიიღწევა“, - წერია მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონპროექტში მე-2 პუნქტი ასე ჩამოყალიბდეს: „2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი“.


სალომე ზურაბიშვილმა სებ-ის კანონი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა - ტექსტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები