დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ - ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის შეფასება ხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ასაშენებელი ტალღმტეხელის მოდელის/მაკეტის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი რეალური საპროექტო ტალღმტეხელის მოდელზე სხვადასხვა გარე ფაქტორების სიმულირებით მიმდინარეობს. ტესტირებები შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია JV Jan De Nul – Prime concrete ქვეკონტრაქტორის საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს კომპანია Jan De Nul პარტნიორებმა და კონტრაქტორებმა.
გურამ გურამიშვილი ტალღმტეხელის 3D ვირტუალური სიმულაციის პროცესს და ამ სიმულაციის გათვალისწინებით ძირითად საპროექტო პარამეტრებს გაეცნო. ტესტირება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას კომპანია DHI განახორციელებს, რომელიც სწორედ წყლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ლაბორატორიულ კვლევებსა და ტესტირებებზეა სპეციალიზებული. როგორც "ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მსოფლიოში მოწინავე კომპანია წარმართავს, რომელსაც 60-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს.
პროცესს დაესწრო კონსორციუმის Jan De Nul NV-ის წარმომადგენელიც, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
„ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. კომპანია DHI სპეციალიზდება რეალური მოდელების აგებაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს“, - განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა.
რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:
"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.
დავითაშვილი ამბობს, რომ ინვესტორის შერჩევის პროცესში პროგრესი აქვთ. ასევე, მისი თქმით, მიმდინარეობს კონსორციუმის გამსხვილების პროცესი და კონსორციუმში შემოდიან დამატებითი მოთამაშეები, რაც პროექტს კიდევ უფრო ამყარებს.
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.