პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ამოქმედება დონორებსაც ეფექტურად დააზღვევს უხერხულობისგან.
ირაკლი კობახიძე გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ როცა მართალი ხარ, დასამალი არაფერი გაქვს და სწორედ გაუმჭვირვალობაა არაევროპული საქციელი.
"როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად. ჩემთვის სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს ევროპულობას, გაუმჭვირვალობა კი - არაევროპულობას. უკიდურესად არაევროპულია, როდესაც გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს გაურბიხარ და წლიური ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებაც კი არ გსურს.
ასეთ დროს, აშკარაა, რომ რაღაცას აფუჭებ და ეს რაღაც გაქვს დასამალი.დარწმუნებული ვარ, ახალი კანონი დონორებს ეფექტურად დააზღვევს მთელი რიგი უხერხულობებისგან, რაც მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან საქართველოში რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებასთან, რევოლუციური პროცესების მხარდაჭერასთან, საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის გაყალბებასთან, ომის პროპაგანდასთან, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებასთან, საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან და დეზინფორმაციის ხარჯზე სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობასთან არის დაკავშირებული" - წერს პრემიერ-მინისტრი.
შეგახსენებთ, მმართველმა პარტიამ დღეს დააანონსა რომ "რუსულ კანონს" თავიდან დააინიცირებს, თუმცა პარლამენტში კანონის პროექტი ამ დრომდე არ შესულა.