მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დასავლეთთან დაპირისპირების გაგრძელებას, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიური გავლენა ექნება - ქობულია

ქობულია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ თუკი მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 5-6%-ით გაიზრდება, ეს კარგი შედეგი იქნება.

თუმცა როგორც ქობულიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობები ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ 2025 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2-3%-იც იყოს.

„თუ 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5-6%-ით გაიზრდება, ესეც კარგი შედეგი იქნება, რადგან დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამ მაჩვენებლით იზრდება. თუმცა ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. თუ ასეთ რეჟიმში გაგრძელდება ცხოვრება, დასავლეთთან დაპირისპირება, პროტესტი ქუჩაში, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ორი სექტორის მაგალითს მოვიყვან. ბევრმა ტურისტმა, როდესაც დღეს საქართველოს უყურებენ, შეიძლება თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლისგან, ამიტომ ამას დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტურიზმზე. მაგალითად ავიღოთ ასევე უძრავი ქონების სექტორიც. ამ სიტუაციაში ბევრი ადამიანი, არამხოლოდ ინვესტორები, თავს იკავებენ ინვესტირებისგან. ბევრი ასეთი სფეროა, რომელზეც ეს ვითარება ნეგატიურ გავლენას ახდენს. იმედი მაქვს, რომ ყველაზე უარეს სცენარში 2-3% მაინც უნდა იყოს წლევანდელი ეკონომიკური ზრდა. შეიძლება უარესიც იყო, მაგრამ შესაძლებელია, რომ სიტუაცია უფრო დასტაბილურდეს და უკეთესი შედეგებიც ვნახოთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის განახლებული მოლოდინით, მიმდინარე წელს საბაზისო სცენარის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება.

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურია საქართველოს მთავრობის მოლოდინები. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საბაზო სცენარის თანახმად, წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები