მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის გამო, Fitch საქართველოში ინვესტიციების კლებას ვარაუდობს

FDI

დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების თუ დაფინანსების შესაძლო კლება ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა გააუარესა.

განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკებთან ერთად, Fitch-მა შეფასებაზე მოქმედ ფაქტოებს შორის გამოყო ურთიერთობა გარე მხარეებთან.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის გადადება მინიმუმ 2028 წლამდე, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციურადაა ვალდებული, ამ გზას მიჰყვეს.

Fitch-ის თანახმად, ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას.

Fitch ელის, რომ FDI სავარაუდოდ, სრულად არ დაფარავს მდგრად დიდ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს საპროგნოზო ჰორიზონტის განმავლობაში, დასავლეთის მსხვილ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყაროა. სააგენტო აღნიშნავს, რომ წლის პირველ ნახევარში უცხოური ინვესტიციები წლიურად 34%-ით შემცირდა, თუმცა გაურკვეველია, არის თუ არა ეს პირდაპირი პასუხი საქართველოსა და ევროკავშირს/აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუარესებაზე წლის დასაწყისიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები