მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დაუჯერებელია, რომ ერთი ჯიხური დღეში ორ ჩემოდან ნაღდ ფულს ათეთრებდა - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

ყოფილი დეპუტატი და სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სავალუტო ჯიხურის მიერ 58 მილიარდი რუბლის 624 მილიონ დოლარად და 35 მილიონ ევროდ კონვერტაციის და ამ გზით ფულის გათეთრების საქმეზე კომენტარს აკეთებს. გოცირიძე აღნიშნავს, რომ დასახელებული თანხების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ დაუჯერებელია ერთმა სავალუტო ჯიხურმა იმ მასშტაბის სავალუტო ოპერაცია ჩაატაროს, რასაც კომერციული ბანკი ახორციელებს.

“რუსული ფულის გათეთრების საქმეში ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ეს ამბავი მალე ჩაიფარცხება. შედეგი იქნება ის, რომ ვალუტის გადამცვლელი ამ პუნქტის კლიენტებს, რომლის ფულსაც აკონვერტირებდა და შემდეგ მისი ნაწილის საქართველოში ინვესტირებას ახდენდა, გაწეწავენ. ზოგს ქონებას გადააფორმებინებენ, ზოგს ფულს მიატანინებენ. ბიუჯეტში 700 მილიონი კი არა 7 მილიონიც არ შევაა. ეს რიცხვი სასაცილოდ მცირე აღმოჩნდება. რუბლების კონვერტაციით მიღებული დოლარების იმ ნაწილს, რომელიც გავიდოდა რუსეთში( აზერბაიჯანი აქ ტრანზიტად იყო გამოყენებული), ვერასდროს მიაგნებენ.

ფულის გათეთრებაზე საქმე ერთი წლის წინ ყოფილა აღძრული. დღემდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა და ამ პუნქტის მეპატრონე გამოძიებასთანაც თანამშრომლობდა ანუ უკვე დასახელებული ჰყავს თავისი კლიენტები და ფულის შემოტანის სქემაც აღწერილი. ეს სასამართლოზე ითქვა. როგორც ჩანს, მოატყუეს, ათანამშრომლეს და დააპატიმრეს. ამ საქმის სკანდალურად გახმაურება რაღაცისთვის დასჭირდათ თითქმის ერთი წლის შემდეგ. მანამდე არც აპირებდნენ როგორც ჩანს გახმაურებას, რაც იმის ეჭვს ბადებს, რომ ამ ფულით ვიღაცები ხელისუფლებაში ხელის მოთბობას აპირებდა.

რაც შეეხება 700 მილიონ დოლარს, ესეც მოგონილი რიცხვია. საქართველოში მოქმედი 720 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წელიწადში აკონვერტირებს დაახლოებით 4-5 მილიარდ დოლარს(2,5 მილიარდ დოლარს 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით) ანუ ერთი ასეთი ჯიხურის ბრუნვა წელიწადში საშუალოდ გამოდის 7 მილიონ დოლარამდე. თურმე ეს ერთი, ფულის გამთეთრებელი პუნქტი კი წელიწადში 350 მილიონ დოლარს აკონვერტირებდა. აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველოში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ “საქართველოს ბანკი”, “თიბისი ბანკი” და კიდევ ორიოდე თუ შეძლებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ყველა კომერციული ბანკის მთლიანად შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობა (ეროვნული ბანკიდან, კომერციული ბანკებიდან, მიკროსაფინანსოებიდან, ჯიხურებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებიდან) 2024 წელს 55 მილიარდ დოლარს შეადგენდა. აქედან დაახლოებით 70% ანუ 38 მილიარდი მოდის ორ ბანკზე, “საქართველოს ბანკზე” და “თიბისი ბანკზე”. დანარჩენ 15 ბანკზე გამოდის 17 მილიარდი დოლარი ანუ 1,2 მილიარდი დოლარი საშუალოდ ერთ ბანკზე წელიწადში. თურმე ერთი პატარა ჯიხური თითქმის კომერციული ბანკის ტოლფასს საქმეს ატრიალებდა.

არასერიოზულია ეს. იმ 720 სავალუტო პუნქტიდან კიდევ რამდენიმე რომ აღმოჩნდეს მსგავსი საქმიანობით დაკავებული? არა და მათი უმეტესობას მართლაც ეწევა რუსული რუბლების დიდი ოდენობით კონვერტაციას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ წარმოქმნილი მიგრაციული ნაკადების გამო.

ზემოთ მოყვანილი რიცხვები კარგად აჩვენებენ ქვეყნის სავალუტო ბაზრის ზომას და გამოძიების მიერ დასახელებული ვალუტის გადამცვლელი ამ ერთი პუნქტის მიერ წარმოებული კონვერტაციების მოცულობის აბსურდულობას.

თუ რაში დასჭირდათ ამ აურზაურის ატეხა, მომავალში გამოჩნდება.

ახლა არა ფინანსურად, არამედ “ფიზიკურად” შევხედოთ მოვლენას. ერთი მილიონი დოლარი 100 დოლარიანი კუპიურებით არის ერთი “დიპლომატი” ხელის ჩემოდანი, რომლის წონა 10 კილოგრამია. 5 ათასი რუბლის კუპიურებით ერთი მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის 2 დიპლომატი. 700 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული რუბლი არის 1400 ჩემოდანი. ეს არის 14 ტონა. ტონობით ფული შემოიტანეს და თუ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ან არაპროფესიონალიზმის ან კორუფციული მფარველობის მაჩვენებელია.

ეს ჯიხური თურმე დღეში ორ ჩემოდან ფულს ათეთრებდა.

დაუჯერებელია.

სასამართლოზე გამოჩნდება, რომ დიდი ალბათობით ეს ასე არ არის. რაც არის, ისიც მსუყე ლუკმა აღმოჩნდება ვიღაცებისთვის. ამით დამთავრდება ეს ისტორია. ბიუჯეტში კაპიკები შევა. ერთი ანდაზისა არ იყოს, გამოვა, რომ "მთამ შობა თაგვი”, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

სავალუტო ჯიხურის მიერ რუსული ფულის გათეთრების საქმეზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები