მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნება ოპტიმალურია" - სებ-ის დასკვნა 2025 წლის ბიუჯეტზე

სები

საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნებას. ამის შესახებ სებ-ის მიერ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე მომზადებულ დასკვნაშია აღნიშნული.

როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, 2025 წელს ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. სწორედ ამის ფონზე, ოპტიმალურია ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე (3% ან ნაკლები) შენარჩუნება.

საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას დაეყრდნო. სებ-ის თანახმად, ის უკეთესად ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე.

უფრო დეტალურად, სებ-ის დასკვნაში აღნიშნულია რომ:

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 2025 წელს, 2024 წლის ბიუჯეტის მოსალოდნელ დონესთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1,495.0 მილიონი ლარით იზრდება და 26,730.0 მილიონი ლარით (მშპ-ის 27.5%) განისაზღვრება. შემოსავლების ზრდა განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების ზრდით.

შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხარჯებიც 1,831.0 მლნ ლარით იმატებს და 22,531.0 მლნ ლარს (მშპ-ის 23.1%) შეადგენს. ხარჯების ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯები (ხარჯების ცვლილების 40 პროცენტი), შრომის ანაზღაურების ზრდა (ხარჯების ცვლილების 21.7 პროცენტი), საქონლისა და მომსახურების შესყიდვა (ხარჯების ცვლილების 11.4 პროცენტი), საპროცენტო ხარჯები (ხარჯების ცვლილების 10.9 პროცენტი), გრანტები (ხარჯების ცვლილების 3.2 პროცენტი), სუბსიდიების გაცემა (ხარჯების ცვლილების 0.4 პროცენტი) და სხვა ხარჯების ზრდა (ხარჯების ცვლილების 12.3 პროცენტი). რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს (არაფინანსური აქტივების ზრდა), მისი დონე 2025 წელს 290 მილიონი ლარით იკლებს. ამის გამო, 240 მილიონი ლარით იკლებს არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდაც და მისი მნიშვნელობა 6,530 მილიონ ლარს შეადგენს (მშპ-ის 6.7 პროცენტი).

2025 წლის დაგეგმილი მონაცემებით, ნაერთი ბიუჯეტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 195.0 მილიონი ლარით იზრდება და 2,410.0 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, 2025 წლის დაგეგმილი ფისკალური დეფიციტის პროცენტული ფარდობა პროგნოზირებულ ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) ფაქტობრივად არ იცვლება და კვლავ 2.5%-ს შეადგენს. 2025 წლის დაგეგმილი დეფიციტის ძირითადი მდგენელების ცვლილება, 2024 წლის მოსალოდნელ მნიშვნელობებთან შედარებით, გაანალიზებულია დიაგრამა 1-ზე. ცვლილების ძირითადი მდგენელებია: შემოსავლების ზრდა (+1.5 პროცენტული პუნქტი), არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა (+0.2 პროცენტული პუნქტი), ნომინალური მშპ-ის ზრდა (+0.1 პროცენტული პუნქტი), ხარჯების ზრდა (-1.9 პროცენტული პუნქტი).

მნიშვნელოვანია, რომ, გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური კონსოლიდაცია განხორციელდა და ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წლისთვის მდგრად დონეზე (3 პროცენტი ან ნაკლები) ნარჩუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2024 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად, რეალური ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია და ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - 2025 წელს კი ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნება ოპტიმალურია. საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნებას.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მოსალოდნელ მნიშვნელობასთან შედარებით, 2025 წლის დაგეგმილი ვალდებულებები, რაც ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს, ფაქტობრივად, უცვლელია. კერძოდ, 2024 წლის მაჩვენებლებით, ვალდებულების წმინდა ზრდის მოსალოდნელი მნიშვნელობა 2,090 მილიონ ლარია (მშპ-ის 2.3 პროცენტი), ხოლო 2025 წლის დაგეგმილი მნიშვნელობა 68 მილიონი ლარით მეტია. ამ ზრდას საშინაო ვალის 97 მილიონი ლარით მატება განაპირობებს, თუმცა საგარეო ვალი, პირიქით, 29 მილიონი ლარით მცირდება. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, 2024 წლის მოსალოდნელ მნიშვნელობასთან შედარებით, მთავრობის საშინაო ვალის წილი 0.7 პროცენტული პუნქტით იზრდება და მშპ-ს 11.9 პროცენტი იქნება, ხოლო საგარეო ვალის წილი 0.5 პროცენტული პუნქტით, 24.9 პროცენტამდე მცირდება.

საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს.

ფისკალური რისკების ძირითადი წყაროებია სახელმწიფოს საწარმოები, PPP პროექტები... - აუდიტის დასკვნა 2025 წლის ბიუჯეტზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები