საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2022 წლის დეკემბრის ფინანსური ინფორმაცია უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით 2022 წლის დეკემბერში ქართული ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 1.69 მილიარდი ლარით, 44.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც დეპოზიტების რეკორდული ზომაა.
“საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 44.31 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.69 მლრდ ლარით, ანუ 3.96%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.98%-ით მეტი). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 133.96 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.93%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.55 მლრდ ლარით, ანუ 5.88%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 5.85%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2022 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 43.90 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.62 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.61 პროცენტული პუნქტით).
დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.71% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 12.06%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.42%, ხოლო ევროს წილმა 17.01% შეადგინა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.