მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დევიდ ვავრა - საქართველოს წელს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა აქვს და ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება

სები

არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელმა ეკონომიკამ საკმაოდ მკაცრი ბოლო ოთხი წელი გამოიარა. საკმარისია, გავიხსენოთ შოკების მასშტაბი და სიდიდე, კოვიდით და სასაქონლო ფასების შოკით დაწყებული და უკრაინის ომით გაგრძელებული, რამაც სირთულე შეუქმნა გლობალურ ეკონომიკას და განსაკუთრებით ამ რეგიონს. თუმცა, საქართველოს წელს პირველი სოლიდური, ხელშესახები ზრდა აქვს და ალბათ, საპროცენტო განაკვეთები შემცირდება - ამის შესახებ სებ-ის საერთაშორისო კინსულტანტმა დევიდ ვავრამ ჟურნალისტებს კონფერენციის - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ ფარგლებში განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ომთან დაკავშირებულმა ვაჭრობისა და ფინანსების ნაკადების მიმართულების შეცვლამ რეგიონს სარგებელიც კი მოუტანა.

„მიგრანტებმა და მათ შემოყოლილმა ფინანსებმა საკმაოდ გაზარდა მთავრობის შემოსავლები და ზრდის საშუალება მისცა საქართველოსა და რეგიონს. ეს ეფექტი შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდეს და წელსაც სარგებელი მოიტანოს, თუმცა, ახლა მთავარი კითხვაა, რა მოხდება ამის შემდეგ, ვთქვათ, 2025 წელს და შემდგომში? მიიღებენ თუ არა ეს ქვეყნები გრძელვადიან სარგებელს ამ მოკლევადიანი ტურბულენტობისგან?“, - აღნიშნავს დევიდ ვავრა.

მისივე თქმით, რუსეთთან ვაჭრობა ბოლო რამდენიმე წელია ზრდის თვალსაზრისით მოგებიანია, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ეს უარყოფით ფაქტორად და რისკად იქცეს.

„ვაჭრობისა და ფინანსების სხვა ბაზრებისკენ, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებისკენ სწრაფ რეორიენტაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მოკლევადიანი მოგება მომავალშიც გაგრძელდეს“, - აცხადებს დევიდ ვავრა.

მისივე განმარტებით, ეკონომიკა საქართველოშიც და ზოგადად რეგიონშიც, არასაკმარისადაა კაპიტალიზებული და საქართველომ ევროკავშირიდან დაფინანსების წყაროები უნდა გამოიყენოს.

„ვგულისხმობ როგორც ფიზიკურ კაპიტალს, ისე ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებს, ამიტომ, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტად ისარგებლოთ ევროკავშირისგან ამ მხრივ ხელმისაწვდომი დაფინანსებით. ბევრი მაგალითი არსებობს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, მე ჩეხეთის რესპუბლიკიდან ვარ და ჩემმა ქვეყანამ ძალიან ისარგებლა ევროინტეგრაციის შედეგად კანდიდატი ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსებით. საქართველოსაც აქვს იგივე შესაძლებლობა. ირლანდიას შევხედოთ, ის წარმატების შესანიშნავი მაგალითია, რომელმაც ევროკავშირის ფონდები გამოიყენა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის მხარდასაჭერად და საბოლოო ზრდისთვის. ესაა საქართველოსთვის კარგი მაგალითები, რომელთაც შეგიძლიათ მიჰყვეთ“, - განაცხადა სებ-ის საერთაშორისო კონსულტანტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები