დღეს, იურიდიული კომიტეტი FARA-ს, იგივე "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" კანონპროექტზე იმსჯელებს. "ოცნების" პარლამენტში კანონპროექტი გასულ კვირას დარეგისტრირდა, რომელზედაც პარტია ამბობს, რომ ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანია.
რატომ თარგმნა "ოცნებამ" FARA სიტყვასიტყვით კონტექსტის მიუხედავად? - იურისტის მოსაზრება
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი ინიცირება დღის წესრიგში დადგა შემდეგი მიზეზის გამო:
"2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას. აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული რეალობა. კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია.
შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება კანონმდებლის ნების ეფექტიანი აღსრულება. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლის ნების სათანადო რეალიზებას. მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (Foreign Agents Registration Act (FARA) ზუსტი ანალოგი.
მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის განცხადებები ადასტურებს საგარეო დახმარებების არაჯეროვნად გამოყენების ფაქტების არსებობას. აღნიშნული, ხშირ შემთხვევაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, დესტაბილიზაციის, დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობასა და რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას ემსახურება.
აღნიშნული მხილებები გახდა რელევანტური მიზეზი იმისა, რომ გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიღებულ იქნეს ამერიკული მოდელის ზუსტი ანალოგი, რათა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ძალების ჩარევის შეზღუდვა ეფექტიანად განხორციელდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის სახელმწიფო მოწყობა არის მაღალი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი და ამერიკის შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ გარე ჩარევებთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითი, ამერიკული კანონის ანალოგის ქართულ კანონმდებლობაში დანერგვა იქნება საუკეთესო საშუალება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად".
ცნობისთვის, 2023 წელს, როცა ოცნება "რუსული კანონის" მიღებას პირველად ცდილობდა, ირაკლი კობახიძემ თქვა: "გზაში ვკითხულობდი ზუსტად ახლა, კიდევ ერთხელ, ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა, შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ვერ ვიკადრებდით". გამოდის, ის, რისი მიღებაც კობახიძის თქმით, წინა მოწვევის პარლამენტმა ვერ იკადრა, მიიღებს XI მოწვევის პარლამენტი.




























