დღეს, 29 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება.
ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება.
ინაუგურაციას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობების, ასევე აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
ღონისძიებას არცერთი დიპლომატი არ დაესწრება. ვინაიდან, დიპლომატიური კორპუსი დაპატიჟებული არ არის.
ინაუგურაციის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია ”წითელი ბარათი ყაველაშვილს" 09:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, საზოგადოებას 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლესთან შეკრებისკენ მოუწოდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მან თქვა, რომ გააკეთებს განცხადებას, თუ როგორი იქნება შემდეგი დღეები.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.
არჩევნების დღეს, პარლამენტის შენობაში კენჭისყრის პროცესი 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის პარალელურადაც რუსთაველზე მოქალაქეები აქციას მართავდნენ. არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით პირველად ჩატარდა და პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომლის 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენდა. კოლეგიის ზოგადი სტრუქტურა კი ასეთი იყო: საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიცია, ასევე აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი.: ზურაბ ჯგუბურია და თემურ მჟავია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადა მარშანიამ კი მიხეილ ყაველაშვილის არჩევაზე უარი განაცხადა და საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო, შესაბამისად, მისი ბიულეტენი გაბათილდა.
დასავლელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და მას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ამ დროისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა კი მილოცვა მხოლოდ შემდეგი ქვეყნებისგან მიიღო:
- აზერბაიჯანი
- თურქეთი
- სომხეთი
- ბელარუსი
- სერბეთი




























