"დღეს ყველა მოთამაშე კარგი იყო" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ თქვა.
როგორც ვილი სანიოლმა განაცხადა, მათ პენალტებზე ბევრი ივარჯიშეს.
"პენალტებზე ბევრი ვივარჯიშეთ. როდესაც სერია იწყებოდა, უნდა შეგვერჩია ვინ დაარტყამდა, ფეხბურთელებს გავესაუბრე და პირველი პენალტის შესრულება ქოჩორაშვილმა ისურვა. ის დიდი ხანია არაა, რაც ნაკრებში თამაშობს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია გუნდის წევრია. იგივე დვალი, რომელმაც ისე კარგად შეასრულა პენალტი. ზოგადად არ მინდა მოთამაშეები გამოვყო, ვინაიდან დღეს ყველა საკმაოდ კარგი იყო. დღეს ყველა ფანტასტიკურად დაიხარჯა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
მან ასევე ისაუბრა, მწვრთნელისა და ფეხბურთელის პასუხისმგებლობაზე და თქვა, რომ აქ მუშაობა უხარია.
„ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან უნდა წავსულიყავი, არც ახლა ვფიქრობ წასვლაზე, რადგან გარემოცვილი ვარ კარგი ხალხით, ჯგუფით, პროფესიონალებით, რომლებიც ყველა ერთად მოვდიოდით ამ შედეგისთვის. რა შეგრძნება მაქვს, რომ ასეთი შედეგს მივაღწიეთ? სასიხარულოა, როცა შედეგს იღებ, მაგრამ გჭირდება დიდი მოთმინება და იმედი. საქმე ხან გამოდის, ხან არა, მოთმინება ამიტომაა საჭირო. მწვრთნელის წარმატება ფეხბურთელის მიღწევისგან განსხვავებულია. ფეხბურთელი პასუხს საკუთარ თამაშზე აგებს, მწვრთნელი კი გუნდის შედეგზე. ეს სულ სხვა შეგრძნებაა, რაც დიდ შრომას მოაქვს", - განაცხადა მან.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა 2 პენალტის გატანა შეძლეს. ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.