პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს აფასებს და დარწმუნებულია, ელჩის ჩართულობით, მომავალი წლიდან შეძლებს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვას. მან ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ელჩთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„პიროვნულად მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის პრაგმატულ და რაციონალურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, არ აქვს საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ელჩის კრიტიკულ განცხადებებს, მათ შორის მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შესახებ, კობახიძე წნეხზე საუბრობს, რომელიც კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება.
„მარტივი ახსნა აქვს მაგას. წლის ბოლომდე რა თქმა უნდა, იქნება წნეხი და ეს უკავშირდება კონკრეტულ ინტერესებს. როგორც კი შეიცვლება ინტერესები და ეს მოხდება მომავალი წლიდან, ამის შემდეგ უკვე ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე“,- თქვა პრემიერმა.