“ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განმარტებით, უკანონოდ გააუარესა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა.
კერძოდ, როგორც საიაში განმარტავენ, შინაარსობრივად ცვლილებები იწვევს დიპლომატიური სამსახურის სრულად პარტიულ ინტერესს დაქვემდებარებას. ცვლილებების თანახმად:
"დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნა, რაც ეწინააღმდეგება „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს.
მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად შეწყდება ყველა ამ პოზიციაზე დანიშნული პირის კონტრაქტიც, რაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პირდაპირი მექანიზმია.
ცვლილებები უკანონოდ ამცირებს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების დამოუკიდებლობას და ახდენს საჯარო სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.
ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საზოგადოებრივი სამსახურის დემოკრატიულ პრინციპებს.
ცვლილებები ძალაში 2025 წლის 28 იანვრიდან შევიდა, ხოლო ბრძანება მაცნეზე შეცდომით 2025 წლის 27 ნოემბრითაა დათარიღებული, რაც სამართლებრივ გაუგებრობას ქმნის", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
საიას დასკვნით, დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში შეტანილი ცვლილებები მკაფიო გაგრძელებაა საჯარო მოხელეებისკენ მიმართული რეპრესიებისა.
"კერძოდ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საჯარო მოხელეებმა, ასევე, გამოხატეს პროტესტი “ქართული ოცნების” პოლიტიკის მიმართ, რომელმაც შეაჩერა ევროკავშირში მოლაპარაკების პროცესი, ინტენსიურად დაიწყო საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა, რაც, საბოლოოდ აისახა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” შეტანილი ცვლილებებით. ხაზგასასმელია, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროს” თანამშრომლები იყვნენ ერთ-ერთი პირველი საჯარო მოხელეები, რომლებმაც ღიად დაგმეს მიმდინარე მოვლენები, რასაც შედეგად მოჰყვა მათი და ზოგადად კრიტიკული აზრის მქონე საჯარო მოხელეების გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებები “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, თუ ადგილი ასეთ იძულებასაც ექნება, საგამოძიებო ორგანოები ვალდებული არიან, აწარმოონ გამოძიება, ხოლო, საქართველოს პროკურატურამ, როგორც კონსტიტუციურმა ორგანომ, უნდა გაუწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ამ ტიპის დანაშაულებზე, ზოგადად, საქართველოს პროკურატურა გულგრილია", - წერია საიას განცხადებაში.
ამასთან, საია მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაასაჯაროოს, ამოქმედდა თუ არა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონთან შეუსაბამო 2025 წლის 27 იანვრის №01-74 ბრძანებით გათვალისწინებული რეგულირება 2025 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.




























