მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარს მხოლოდ მაშინ ვყიდით, როცა კურსის მერყეობის ერთჯერად რისკს ვხედავთ - თურნავა

ეროვნული ბანკი

გუშინ ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც 40 მლნ დოლარი გაიყიდა. ეს 20 სექტემბრის შემდეგ რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში ამ ხუთ აუქციონზე ცენტრალურმა ბანკმა 149.6 მლნ დოლარი გაყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების გაყიდვა მხოლოდ ერთჯერადი რისკის თავიდან აცილების მიზნით ხდება. ამის შესახებ მან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ეკონომიკაში ვითარება დადებითია. ზრდა კვლავ მაღალია, ხოლო ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია. ეს მათ შორის ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ფუნდამენტური პრობლემები ბაზარს არ აქვს და კურსი მოთხოვნა/მიწოდების თანაფარდობით ყალიბდება. მიწოდებას რაც შეეხება, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები კვლავაც მდგრად დონეზეა, ჩვენ ვაგროვებთ სავალუტო რეზერვებს და ვყიდულობთ, როცა ამის შესაძლებლობაა. მოგეხსენებათ, აგვისტოს ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეიძინა. საპირისპირო ინტერვენცია 10-ჯერ ნაკლებია და ჯამში 150 მლნ დოლარს შეადგენს. დოლარის გაყიდვა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვხედავთ რაიმე ერთჯერადი ფაქტორის გავლენის რისკს, რამაც შეიძლება დიდი მერყეობა გამოიწვიოს. ანუ კურსის მერყეობის გასანეიტრალებლად ხდება ეს. ზოგადად, მცურავი სავალუტო რეჟიმის ერთგულები ვართ", - ამბობს თურნავა.

კითხვაზე ერთჯერადი ფაქტორი იყო თუ არა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება, თურნავა პასუხობს, რომ ლარის კურსის მაშინდელი მერყეობა დოლართან მიმართებით პოლიტიკური განცხადებებით იყო გამოწვეული.

"ერთჯერადი ფაქტორი იყო პოლიტიკური მოწოდებები სხვადასხვა მხრიდან. პანიკის შემქმნელი მოწოდებები მოსახლეობის მიმართ რომ საფინანსო სისტემა ჩამოგვექცა, ჩამოიქცა ეროვნული ბანკი და არიქა გაიტანეთ დეპოზიტები. ეს მავნებლობა იყო და რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩვენი მოვალეობაა გავანეიტრალოთ მავნე მოწოდებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე", - აცხადებს თურნავა.

კიდევ ერთ მიზეზად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ერთჯერად ტრანზაქციებს ასახელებს, რის გამოც სებ-ს სავალუტო ინტერვენციები უწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები