საქართველოში რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდ პოტენციალს ხედავს. როგორც მან საქართველო-რუმინეთის ბიზნეს წრეების შეხვედრაზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, პოტენციალია როგორც ექსპორტ-იმპორტის, ისე საბორნე მიმოსვლის კიდევ უფრო განვითარების ნაწილში და ამისთვის ბიზნესებს შორის მეტი კონტაქტია საჭირო.
"რუმინეთი და საქართველო შავი ზღვისპირა მეზობელი ქვეყნებია, ამიტომ პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, კულტურასა და მენტალიტეტში მსგავსებაა, რაც ასევე ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, ბიზნეს სექტორებს შორის მეტი კონტაქტია საჭირო და ძალიან მადლიერები ვართ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს და ზვიად ჭუმბურიძის, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ამ შეხვედრის ორგანიზებაში. ეს მხოლოდ ერთი საფეხურია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ. ორი წელია, რაც ფოთის პორტსა და კონსტანცას შორის ბორანი მუშაობს და ეს პოტენციალი კვლავ საჭიროებს გამოყენებას",- თქვა ელჩმა.
რაც შეეხება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რუმინეთის ელჩი აღნიშნავს, რომ პროექტის შედეგად ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გაძლიერდება.
"ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მოითხოვს მთავრობის ჩართულობას და ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან. იქნება ენერგეტიკული ჰაბი, რომელიც გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას",- ამბობს ელჩი.




























