"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ დიპლომატები სამინისტროში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ობიექტური ინფორმაციის მოწოდების მიზნით დაიბარეს.
"საუბარი შეეხო გამოხმაურებებს, რომლებიც მოვისმინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ხშირ შემთხვევაში ისინი არასწორად ასახავს განვითარებულ მოვლენებს და ქმნის მცდარ აღქმას და წარმოდგენას საქართველოსთან დაკავშირებით...
ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ისინი დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია. ჩვენმა საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ ძალიან კარგად ვაფასებთ ყველა იმ მოვლენას, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება, ყველა ელჩის ქმედებას... თუმცა გვაქვს ჩვენი მოქმედების პრინციპები და ვრჩებით ცალმხრივად მეგობრობის და პარტნიორობის რეჟიმში იმ ქვეყნებთანაც კი რომლებიც უხეშად ერევიან ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში", - აცხადებს ბოჭორიშვილი.
დღესვე "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასავლელი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ელჩის ქმედება დიპლომატიური სტანდარტების ფარგლებს გასცდა და შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებს შეიცავს. თუმცა ჯერჯერობით "ქართული ოცნების" მთავრობა ქვეყნიდან დიპლომატების გაძევებას არ აპირებს.
"აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა კირცხალიამ.




























