ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა კიდევ ერთხელ, 2 წლით გადავადდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 ივნისს ამოქმედდა.
საქმე ისაა, რომ ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა და შემდგომ უკვე პლატფორმაზე ვაჭრობა სრულყოფილად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, გადავადება 2027 წლის პირველ ივლისამდე მოხდა. შესაბამისად, მომდევნო ორი წელი ბაზარი კვლავ გარდამავალი მოდელით იმუშავებს.
უფრო დეტალურად, დადგენილების ახალი რედაქცია ასეთია:
2027 წლის პირველ ივლისამდე [ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 2025 წლის პირველ ივლისისა]:
- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ უნდა განხორციელდეს:
- საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;
- დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;
- აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოების, მონაცემთა ბაზის მართვისა და საბითუმო ბაზარზე ანგარიშსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;
- სს – ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“
ასევე, 2027 წლის პირველი ივლისიდან [ნაცვლად აქამდე განსაზღვრული 2025 წლის პირველი ივლისიდან] საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ უნდა განხორციელდეს:
- საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;
- საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;
- საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;
- დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;
- გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
- ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა".
ცნობისთვის, სექტორის წარმომადგენლები BM.GE-სთან აცხადებდნენ, რომ წელს ბაზრის სრულყოფილად გახსნასთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან მაღალი მზაობა არ იყო, რამდენადაც არსებობდა კითხვები და მათ შორის, გამოწვევად სახელდებოდა საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.