სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიამ", შესაძლოა, 5-წლიან საინვესტიციო გეგმას გადახედოს და დააკორექტიროს. დავით ნარმანია დღეს, სემეკის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ პარასკევს მათ კომპანიისგან მიიღეს ცნობა იმის თაობაზე, რომ შესაძლოა საინვესტიციო გეგმა დააკორექტირონ, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მარეგულირებელმა დენის არსებული ტარიფების 3 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
დავით ნარმანიას თქმით, გარდა აღნიშნული ფაქტორისა, ტარიფების განახლების გადაწყვეტილება გადავადდა ენერგეტიკის ბალანსის დაზუსტების და მთავრობასთან კონსულტაციის მიზეზით.
"კომისიამ იმსჯელა არსებულ გარემოებებზე და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. სამომხმარებლო ტარიფი შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი ეს არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები, შესაბამისი ღირებულებები, ამიტომაც უფრო ზუსტი რომ ყოფილიყო კომისიის შემდგომი გაანგარიშება, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ეს პარამეტრები მივიღოთ ჩვენ დაზუსტებული სახით და ასევე კომპანია "ენერგო-პროს" ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. ამიტომ ამ მოცულობებზე დაყრდნობით ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დავტოვეთ დროებით სამი თვის ვადით არსებული ტარიფები უცვლელი.
ისევე როგორც კომპანიები დააზუსტებენ ცალკეულ მონაცემებს, დაზუსტდება ბალანსი, შესაბამისად კომისია კვლავ იმსჯელებს იმ მეთოდოლოგიით, რომლითაც ითვლის ტარიფებს და ამის საფუძველზე მოხდება დაანგარიშება,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის წევრის გივი სანიკიძის განცხადებით, კომისია საინვესტიციო გეგმების გადახედვაზე იმსჯელებს.
"როგორც მოგეხსენებათ, მარეგულირებელმა კომისიამ უკვე შეითანხმა საინვესტიციო გეგმები, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ განვაახლოთ კონსულტაციები საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით. ის სატარიფო განაცხადები, რომლებიც ახლა იქნება წარმოდგენილი და შესაბამისად მომდევნო სამ თვეში უკვე ჩვენ უნდა დავადგინოთ ტარიფები, ბუნებრივია გულისხმობს იმის შესაძლებლობასაც, რომ მოხდეს საინვესტიციო გეგმების გადახედვა. ამის უფლებამოსილება აქვს თავად კომპანიას, რომ მიმართოს მარეგულირებელ კომისიას და მარეგულირებელ კომისიასაც, რომ შესაბამისად იმსჯელოს, მიიღებს თუ არა რაიმე გადაწყვეტილებას ცვლილებებთან მიმართებაში,"- განაცხადა სემეკის წევრმა გივი სანიკიძემ.
სემეკმა ენერგოკომპანიებს ჯერ კიდევ 12 დეკემბერს მომდევნო ხუთი წლის საინვესტიციო გეგმა განუსაზღვრა, რაც "ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" 1.56 მილიარდ ლარს, "თელასისთვის" კი 400 მილიონი ლარის ოდენობით. სწორედ ამ ფაქტორის ასახვა უნდა მომხდარიყო ახალ ტარიფში, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა აღნიშნული პროცესი 3 თვით გადავადდა, რადგან სემეკ-მა არსებული ტარიფი გაახანგრძლივა.
ენერგოკომპანიების ინვესტიციების შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.




























