რიტეილ ექსპერტ მირანდა მანჯგალაძისთვის გაუგებარია „ფასების კომისიის“ თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის არგუმენტი, რატომაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს FMCG ბაზრის შესწავლის მიზნით ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი აუდიტორული ფირმის დაქირავება, "ინტერესთა კონფლიქტის" მიზეზით გადაიფიქრა.
"დიდი ოთხეული" (Big Four) აერთიანებს მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას: Deloitte, PwC (PricewaterhouseCoopers), EY (Ernst & Young) და KPMG.
[„დიდ ოთხეულში“ შემავალი აუდიტორული ფირმები] ქართული საცალო სექტორის შესწავლისთვის სახელს ნამდვილად არ გაიფუჭებენ - თქვა მირანდა მანჯაგალძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის თებერვალში შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ „ფასების კომისიამ“ მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს შუამდგომლობით, რათა ე.წ. Big Four-იდან მოეწვიათ საერთაშორისო კომპანია, რომელიც საცალო ბაზრის დამოუკიდებელ კვლევას ჩაატარებდა. დეპუტატი მაშინ ამბობდა, რომ ფასების შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა პროცესს მეტ ობიექტურობას შესძენდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მისგანვე გავიგეთ, რომ „ფასების კომისიამ“ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დაქირავება „ინტერესთა კონფლიქტის“ მიზეზით გადაიფიქრა. „დიდი აუდიტორული ოთხეული, ასევე ემსახურება საცალო სექტორის დიდ ოთხეულს. აქ არის ინტერესთა კონფლიქტი - არ შეიძლება, ერთი მხრივ, ემსახურებოდე ქსელს და მეორე მხრივ, სექტორის ანალიტიკური კვლევა გააკეთო, იმიტომ რომ ყოველთვის შესაძლებელია აქ რისკი, რომ ტენდენციური გახდე შენი კლიენტის მიმართ, რომელიც არის ქსელი“, - თქვა შოთა ბერეკაშვილმა.
„ზოგადად, გლობალური ბრენდის სიძლიერე ისაა, რომ ის გლობალურად ძლიერად არის წარმოდგენილი. შესაბამისად, ნებისმიერ ბაზარზე წარმოშობილი შეცდომა შესაბამისად მის გლობალურ იმიჯზე აისახება და არცერთი კომპანია ამას არ გარისკავს“, - აცხადებს მირანდა მანჯგალაძე, რომელმაც „წერტილთან“ ინტერვიუში ინტერესთა კონფლიქტის განმარტებაც ახსნა.
- აუცილებელია განიმარტოს, თუ რას გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტი მოცემულ კონტექსტში. როგორც წესი, ინტერესთა კონფლიქტი მაშინ წარმოიშობა, როდესაც დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ სექტორის ან ბიზნესსუბიექტების საქმიანობის შესახებ მომზადებულ დასკვნას თავად დაინტერესებული მხარე (დამკვეთი) აფინანსებს. თუ დამკვეთი სახელმწიფო იქნებოდა და ის „დიდ ოთხეულთან“ (Big Four) სერვისს ტენდერის გზით შეისყიდდა, ინტერესთა კონფლიქტი სრულად გამოირიცხებოდა. ამ შემთხვევაში აუდიტორული კომპანიები მხოლოდ კვლევას ჩაატარებდნენ და მათი მიკერძოების საფუძველი არ იარსებებდა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ინტერესთა კონფლიქტის არსის სწორად განმარტება პრინციპულად მნიშვნელოვანია: ის ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამკვეთი იხდის საფასურს და უკვეთავს კვლევას, რომლის შედეგიც მასზე პირდაპირ აისახება (იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური).
- შოთა ბერეკაშვილის ლოგიკით კი გამოდის, რომ პარლამენტს ან მთავრობას გაუჩნდა შიში, რომ „დიდი ოთხეულის“ რომელიმე კომპანიის დასკვნა, მიუხედავად სახელმწიფო დაკვეთისა, შესაძლოა, რომელიმე ქსელური მარკეტის ინტერესების სასარგებლოდ ყოფილიყო მიკერძოებული...
- რთულია იმის თქმა, თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში, თუმცა ობიექტური ანალიზი აჩვენებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ მაშინ იკვეთება, როდესაც დამკვეთს კვლევის შედეგის მიმართ კონკრეტული სუბიექტური მოლოდინი ან ინტერესი აქვს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც სახელმწიფო, როგორც მესამე, ნეიტრალური მხარე, აძლევს „დიდ ოთხეულს“ ტექნიკურ დავალებას ბაზრის, ფასწარმოქმნის ან პრობლემების მიზეზების შესასწავლად, ინტერესთა კონფლიქტი აბსოლუტურად გამოირიცხება. ჯერ ერთი, მსგავსი კომპანიები საკუთარ რეპუტაციასა და ბრენდს უფრთხილდებიან - ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ბაზრის გამო მათ საერთაშორისო სკანდალში გახვევა და სახელის გაფუჭება უღირდეთ. მეორე მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის რისკი ნულოვანია, რადგან დაკვეთას დამოუკიდებელი მხარე (სახელმწიფო) აფორმებს, რაც კვლევის ობიექტურობის გარანტიაა.




























