საქართველოს ეროვნული ბანკი 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან დაკავშირებით პოზიტიურ დასკვნას გასცემს. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობა მშპ-სთან მდგრად დონეზე ნაკლებია, რაც ინფლაციის შეკავებასა და ფასების საერთო დონეზე დადებითად იმოქმედებს.
„ეროვნულმა ბანკმა განიხილა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შენიშვნები არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურად არის გაზრდილი როგორც შემოსავლებისა ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილი, ბიუჯეტი კვლავ ასახავს საბიუჯეტო კონსოლიდაციის ტრენდს. დეფიციტის ფარდობა მშპ-სთან არ შეცვლილა 2.5%-ია, რაც მდგრად 3%-იან დონეზე ნაკლებია და ეს მთლიანობაში დადებითად იმოქმედებს ფასების საერთო დონეზე და ინფლაციის შეკავებაზე. კვლავაც დაბალ დონეზე ნარჩუნდება მთავრობის პროცენტული ვალის ფარდობა მშპ-სთან. ყოველივე ეს ბიუჯეტთან დაკავშირებით პოზიტიური დასკვნის გაცემის საფუძველს გვაძლევს“, - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაზე გაცემულ დასკვნას, მომზადებულ დოკუმენტში წერია:
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, 2023 წლის 3 ნოემბრის №8270/2-1/23 (№07-2/322; 03.11.2023) წერილით, წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“.
საქართველოს ეროვნული ბანკი ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას ეყრდნობა ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას, რამდენადაც ის უკეთესად ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და, შედეგად, ინფლაციურ პროცესებზე. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი გადამუშავებული კანონის პროექტის თანახმად, პირველად ვერსიასთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 701.0 მილიონი ლარით იზრდება და 24,223.0 მილიონი ლარით (ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის, მშპ-ის, 28.4 პროცენტი) განისაზღვრება.
შემოსავლების ზრდა განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების (მშპ-ის 25.7 პროცენტი) ზრდით. შემოსავლების ზრდასთან ერთად, ხარჯებმაც 265.0 მლნ ლარით მოიმატა და 20,050.0 მილიონი ლარი (მშპ-ის 23.5 პროცენტი) შეადგინა. ხარჯების ზრდა მეტწილად სხვა ხარჯების (75 მილიონი ლარი, ხარჯების ცვლილების 28.3 პროცენტი), შრომის ანაზღაურებისა (55 მილიონი ლარი, ხარჯების ცვლილების 20.8 პროცენტი) და საქონლის/მომსახურების შეძენის (50 მილიონი ლარი, ხარჯების ცვლილების 18.9 პროცენტი) ხარჯების მატებამ განაპირობა. ასევე გაიზარდა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (ხარჯების ცვლილების 13.2 პროცენტი), სუბსიდიები (ხარჯების ცვლილების 7.5 პროცენტი), საპროცენტო ხარჯები (ხარჯების ცვლილების 7.5 პროცენტი) და გრანტები (ხარჯების ცვლილების 3.8 პროცენტი). რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს (არაფინანსური აქტივების ზრდა), 2024 წლის ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით, იგი 436 მლნ ლარით არის გაზრდილი .
2024 წლის ბიუჯეტის პირველ წარდგენასთან შედარებით მეორე წარდგენაში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 30.0 მილიონი ლარით გაუმჯობესდა და 2,142.0 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, პრაქტიკულად უცვლელია ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ-თან) ფისკალური დეფიციტის პროცენტული მაჩვენებელიც და 2024 წლისათვის 2.5 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ფისკალური სტიმულის შემცირებას. ხაზგასასმელია, რომ, ძლიერი ეკონომიკური აქტივობისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, ფისკალური სტიმულის საჭიროება აღარ არის და ფასების სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია შეუფერხებლად გაგრძელდეს.
ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2024 წლისთვის მდგრად დონეს (3 პროცენტი ან ნაკლები) უბრუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია - ეკონომიკური აქტივობა აჭარბებს მის პოტენციურ დონეს. 2024 წელს კი ეკონომიკა მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდება და 3 შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონემდე შემცირება ოპტიმალურია. ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყარო, ვალდებულებები, შემცირებით ხასიათდება. კერძოდ, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია ვალდებულების წმინდა ზრდის 1,845 მილიონ ლარიანი დონე (მშპ-ის 2.2 პროცენტი), რაც პირველ წარდგენასთან შედარებით, 163.0 მილიონი ლარით ნაკლებია. ამ შემცირებას საგარეო ვალის 160 მილიონი ლარით კლება განაპირობებს, საშინაო ვალდებულებები კი, პრაქტიკულად უცვლელია. საგარეო ვალდებულების კლებას მეტწილად მთავრობის დეპოზიტებზე ნაშთის 297 მილიონიანი შემცირების დონე აბალანსებს, რაც წინა ვერსიასთან შედარებით დამატებით 133 მლნ ლარით შემცირებას მოიაზრებს. საბოლოო ჯამში, დაბალ დონეზე ნარჩუნდება მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-თან და 2024 წლისათვის ის 38.1%-ს შეადგენს. მთავრობის ვალის დაბალი დონე ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა შენიშვნები არ აქვს“.