მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილეზე, 2025 წელს საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ლარი მონეტა

2025 წელს ეროვნული ბანკი ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტების გამოშვებას გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი აქვეყნებს. 28 წლის წინ ლარი ქვეყანაში გადახდის ერთადერთ საშუალებად გამოცხადდა. 

1995 წელს მიმოქცევაში შემოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარი" - 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნ.ჯავახიშვილისა და ფინანსთა მინისტრის დ.იაკობაშვილის ხელმოწერებით) და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის მონეტები. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

როგორ იქმნებოდა ეროვნული ვალუტა:

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომლითაც ქვეყანაში ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მუშაობა, რაც ძირითადად წარიმართებოდა ფულის ნიშნების საჭირო ოდენობისა და ნომინალების განსაზღვრის, მისი შინაარსისა და დიზაინის შემუშავების კუთხით.

ეროვნული ვალუტის სახელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები, მოიაზრებოდა სხვადასხვა სახელი: "მანეთი", "ქართული მანეთი", "მარჩილი", "ქართი", "რვალი" და "ლარი", ხურდა ფულის სახელწოდებად კი განიხილებოდა სახელწოდებები: "ეგრი", "კოლხა", "თეთრა", "კერმა" და "თეთრი".

ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის 1992 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქართულ ეროვნულ ვალუტას დაერქვა - "ლარი", მოგვიანებით კი, დადგინდა ხურდა ფულის სახელწოდებაც - "თეთრი". სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს სიმდიდრეს, განძს. ხოლო "თეთრი" შუა საუკუნეებში გამოყენებული ქართული სამონეტო ტერმინია.

1993 წელს შეიქმნა ლარის ბანკნოტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებისთვის და ასევე, მონეტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალებისთვის.

ბანკნოტებზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ხელოვნების ნიმუშები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. ბანკნოტების დიზაინი მოამზადა ნოდარ მალაზონიამ.

მონეტებზე გამოსახულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (უძველესი მზის სიმბოლო), სხვადასხვა წარწერები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. მონეტების დიზაინის ესკიზები მოამზადეს ელგუჯა ამაშუკელმა (ნომინალის მხარე), ნოდარ და ბაჩა მალაზონიებმა (ბორჯღალის მხარე).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები