მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ნაცვლად - სებ-ის ახალი მისამართი გულიას №3 იქნება

სები

მთავრობამ ეროვნულ ბანკს 28.6 მლნ ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გულიას სამ ნომერში მდებარე მიწა და მშენებარე შენობა-ნაგებობა მიჰყიდა.

დაექვემდებარება თუ არა დემონტაჟს შენობა, რომლის ასაშენებლადაც 10 მლნ ლარი დაიხარჯა და ფუნქციის მოძებნა 6 წელზე მეტია ვერ ხერხდება, ეროვნულ ბანკში არ ამბობენ, თუმცა 28.6 მლნ ლარად შეძენილ მიწაზე რომ ახალი ოფისის აშენება იგეგმება, ეროვნული ბანკი გარკვევით წერს.

bm.ge-ის სებ-ში უთხრეს, რომ ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის ეფექტიანი წარმართვის, ასევე ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, სახელმწიფოსგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე ეროვნული ბანკი საკუთარი სახსრებით ახალ ოფისს ააშენებს.

"ახალი, თანამედროვე ოფისის აშენების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შეიძინა. ბოლო წლების განმავლობაში სებ-ის ფუნქციების მნიშვნელოვანი ზრდის გამო, ეროვნული ბანკის სათავო ოფისი ვეღარ უზრუნველყოფს საჭირო სამუშაო პირობების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, გასულ წლებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებითი ფართების იჯარით სარგებლობასთან დაკავშირებით. შედეგად, ამ ეტაპზე სებ-ის სტრუქტურული ქვედანაყოფები განთავსებულია სხვადასხვა შენობებში, რაც ქმნის ბიზნესპროცესების დროში გახანგრძლივებისა და კომუნიკაციის შეფერხების რისკს და წარმოშობს დამატებით ხარჯებს. ეროვნული ბანკის სამუშაო პროცესის ეფექტიანი წარმართვის, ასევე ხარჯების ეკონომიისა და თანხების გონივრულად განაწილების მიზნით, სახელმწიფოსგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე ეროვნული ბანკი საკუთარი სახსრებით ახალ ოფისს ააშენებს.

ახალი ოფისი თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის 3 ნომერში განთავსდება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს", - წერია ეროვნული ბანკის პასუხში.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს შენობა უნდა განთავსებულიყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2015 წლიდან დამოუკიდებელი შენობის გარეშე არის დარჩენილი. სამინისტროს ყოფილი ნაგებობა წლების წინ გაიყიდა და ადგილზე „ჰუალინგ ჯგუფი“ შენობას აშენებს, სადაც ბოლო ცნობებით ბანკი დაიდებს ბინას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები