მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

643847e7e63ad
ნინო ტაბატაძე
14.04.23 10:31
12702
სტატიაში საუბარია:
ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკი“ 30 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება ორ პირთან მიმართებით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის “ კანონმდებლობის დარღვევას და შემოწმების პროცესში მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის ორ შემთხვევას.

უფრო კონკრეტულად დაირღვა: 

2 (ორ) პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.

აღსანიშნია, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა გამკაცრებულია. წელს, წლის დასაწყისიდან  სებ-მა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო 3 ბანკი, 3 მიკროსაფინანსო და ათობით ვალუტის გადამცვლელი პუნქტი  დააჯარიმა.

მიმდინარე წელს „კრედოს“ გარდა დაჯარიმდნენ "ბანკი ქართუ" (64 000 ლარი) და "ტერაბანკი" (41 000 ლარი).

2022 წლის განმავლობაში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში შვიდი კომერციული ბანკი დააჯარიმა. საერთო ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 1.15 მილიონ ლარს აღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები