მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალუტო ჯიხურები ფულის გათეთრების მოთხოვნების დარღვევისთვის ₾1.6 მლნ-ით დაჯარიმდნენ

6450cc9acab67
შოთა ტყეშელაშვილი
02.05.23 17:40
1003
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სებ-მა საფინანსო სექტორს ფულის გათეთრების მოთხოვნების დარღვევისთვის 2.2 მილიონ ლარზე დიდი ჯარიმები დაუწესა, მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის ჯარიმები არა კომერციულ ბანკებს, არამედ ვალუტის გადამცველელ პუნქტებს დაეკისრათ.

კერძოდ, საბანკო სექტორისთვის დაწერილი ჯარიმების მოცულობა 270 ათასი ლარი იყო, მაშინ როდესაც სავალუტო პუნქტებს 1.6 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დაეკისრათ. სებ-ის წლიურ ანგარიშში არაა დაკონკრეტებული რამდენი სავალუტო ჯიხური დაჯარიმდა გასულ წელს.

დაკისრებული სანქციების მოცულობა ფინანსური დაწესებულებების მიხედვით ასე ნაწილდება:

კომერციული ბანკი - 270,500 ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - 186,500 ლარი;
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 45,700 ლარი;
სესხის გამცემი სუბიექტი - 150,000 ლარი;
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 1,607,700 ლარი;
ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი - 15,000 ლარი.

“ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, 2022 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის 245 წარმომადგენელი შემოწმდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შემოწმებებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2022 წელს, ზედამხედველობას დაქვემდებარებული 25 სუბიექტის დისტანციური ტიპის ე.წ. follow-up შემოწმება განახორციელა. მათ შორის, 2022 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ადგილზე ინსპექტირებას. ამ მიზნით, წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 212 პუნქტის ადგილზე ინსპექტირება უზრუნველყო. ამავდროულად, 2022 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 უმსხვილესი სესხის გამცემი სუბიექტის შემოწმება უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ შემოწმების ტიპად კომპლექსური ინსპექტირება განისაზღვრა,”- ნათქვამია სებ-ის წლიურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები